საზოგადოება

იწყება თანამედროვე ხელოვნებისა და სასულიერი ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი „ფრესკო”

“ბავშვთა სპეციალური შემოქმედებითი ცენტრი”, სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წლის 18-28 აგვისტოს გამართავს თანამედროვე ხელოვნებისა და სასულიერი ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალს “ფრესკოს”, ინკლუზიური ორიენტაციით. “არმენპრესის” ინფორმაციით, წელს ფესტივალის სახელწოდებაა “ერთად შეგვიძლია”. ფესტივალი „ფრესკო“ კულტურული დიალოგის შესაძლებლობაა, რაც სომხეთს თანამედროვე კონტაქტების გზაჯვარედინად აქცევს.

წელს ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებს, კინემატოგრაფისტებს და სხვა ინტელექტუალებს გააერთიანებს. ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი რეგიონული კულტურული ცხოვრების გააქტიურებაა.

ვანაძორში გაიმართება შეხვედრები სომეხ და უცხოელ ხელოვანებთან, მათ შორის ქართველ ფოტოგრაფ იური მეჩიტოვთან (შეხვედრა „ფარაჯანოვის ფენომენი“), ისრაელელ ფოტოგრაფთან, ჟურნალისტ დიმიტრი ბრიკმანთან (შეხვედრა „იერუსალიმის ლოცვა: ფოტო თარგმანი“) და სხვა.

„სამშობლოს დამცველის სარეაბილიტაციო ცენტრში“ იგეგმება კულტურულად მდიდარი დღის გამართვა, სადაც იქნება ინკლუზიური საერთაშორისო ფილმის ჩვენება, ასევე შეხვედრა-დისკუსია ფესტივალის უცხოელ არტისტებთან.

კონცერტებს უნიკალური წარმოდგენები დაემატება. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 40-მდე საერთაშორისო ფილმი: მხატვრული, ანიმაციური, სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი, რომლებიც უარყოფენ ომებს.

წელს ფესტივალის ფარგლებში ინკლუზიური კულტურული ბანაკი ვანაძორის ,,წიწერნაკის“ ბანაკში გაიმართება. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ „ბავშვთა სპეციალური შემოქმედებითი ცენტრის“ და სხვა სპეციალიზებული დაწესებულებების სტუდენტები. „ბავშვთა სპეციალური შემოქმედებითი ცენტრი“ არის ფესტივალის ორგანიზატორის, სრ განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლისგარეშე შემოქმედებითი დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო პირობების საჭიროების მქონე ბავშვებს ესთეტიკურ პროფესიულ განათლებას. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, მხარდამჭერები არიან დედა საყდარი წმიდა ეჯმიაძინი, პროდიუსერი „ფორმიკა არტი“, HEHEM ოფისი და სოციალური არასამთავრობო ორგანიზაცია „წიაწანი“.

ნახეთ მეტი
Back to top button