მთავარიპოლიტიკა

ირანის  პოზიცია რეგიონში საზღვრების ცვლილების დაუშვებლობის შესახებ ნათელია -ფაშინიანი რაისს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს ებრაჰიმ რაისის შეხვდა.

ამის შესახებ ცნობას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიაზე და მის შედეგებზე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელობას, მათ შორის ირანის ადეკვატურ რეაგირებას აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობისა და სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან  აზერბაიჯანული შენაერთების გაყვანის მიმართულებით.

ნიკოლ ფაშინიანმა კმაყოფილება გამოთქვა ირანული მხარის მკაფიო შეფასებებით და ხაზი გაუსვა არსებულ ვითარებაში მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას.

ებრაჰიმ რაისიმ აღნიშნა, რომ ირანი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და დასძინა, რომ რეგიონში არსებული ყველა პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანის პოზიცია სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასთან და რეგიონში საზღვრების ცვლილების დაუშვებლობასთან დაკავშირებით ნათელია და ირან-სომხეთის  კავშირი საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს.

ებრაჰიმ რაისიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მხარი დაუჭიროს რეგიონში მშვიდობის დამყარებას და დასძინა, რომ სომხეთის უსაფრთხოების საკითხი ირანისათვის მნიშვნელოვანია.

მხარეებმა აზრები გაცვალეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაფართოების შესახებ. საუბარი შეეხო ორმხრივ საინტერესო  სხვა საკითხებსაც.

ნახეთ მეტი
Back to top button