საზოგადოება

საზღვარზე 30 კმ-იანი რიგია – რუსები საქართველოში ველოსიპედებით და ფეხით შემოდიან

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 30 კილომეტრიანი რიგებია. როგორც “ტვ პირველის” სიუჟეტიდან ირკვევა რუსეთის ზოგიერთმა მოქალაქემ მანქანა დატოვა და საზღვარი ველოსიპედით, ან ფეხით გადმოკვეთა.

რუსების უმეტესობა მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მობილიზაციას გამოექცნენ, რადგან ომში მონაწილეობის მიღება არ სურთ.

“მე დეზერტირი ვარ, მობილიზაციის გამო წამოვედი რუსეთიდან. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ახლა იქ, ყველა ცდილობს გაქცევას. 30 საათი დამჭირდა ფეხით სიარული აქამდე რომ მომეღწია, ვაპირებ საქართველოში დარჩენას და აქ ცხოვრებას”, – აცხადებს ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე.

მეორე რუსი აცხადებს, რომ ცოლი მანქანაში დატოვა, ხოლო თვითონ ველოსიპედით გადმოვიდა საზღვარზე.

“არ მოგვწონს ის, რაც რუსეთში ხდება, თავიდან მანქანით წამოვედით, თუმცა შემდეგ გზა ველოსიპედებით გავაგრძელეთ. მანქანაში ცოლი დავტოვე, რომელიც რიგს ელოდება, რომ საქართველოში წამოვიდეს”, – აცხადებს რუსი.

როგორც მედიასთან საუბრისას ირკვევა, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს დასაკლავ ხორცად ყოფნა არ უნდათ.

“არგვინდა რუსეთში დასაკლავ ხორცად ყოფნა, ასევე არ გვინდა უკრაინელების მკვლელებად ვიქცეთ. მშვიდობიან მოქალაქეებს არაფრის გამო ხოცავენ”, – აცხადებს რუსეთის მოქალაქე.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთიდან მოქალაქეების კონკრეტულად კი სამხედრო ასაკის მამაკაცების გადინება, სწორედ ხსენებულმა მობილიზაციამ გამოიწვია.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს აპირებს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button