ალენ სიმონიანმა კუხო-ს საბჭოს სხდომაზე ლუკაშენკოს განცხადებებში სერიოზულობა ვერ დაინახა

ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ კუხო-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესიაზე გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ალენ სიმონიანმა, კერძოდ აღნიშნა:
„ვწუხვარ, რომ რეაქცია მიწევს, რადგან მის გამონათქვამებში სერიოზულობა ვერ დავინახე. ვშიშობ, რომ ის აზრები, რომლებიც მან გამოთქვა, არ იყო მისი საკუთარი“.
კითხვაზე, ვის გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ლუკაშენკო არ არის განცხადებების ავტორი, სიმონიანმა უპასუხა: „ის შეიძლება იყოს ალმაათიდან, ბაქოდან, მოსკოვიდან, მაგრამ აზრების ავტორი ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ მას ბევრი შინაგანი პრობლემა აქვს. ვვარაუდობ, რომ ბელორუსელებსაც არ მოეწონათ ბატონი ლუკაშენკოს ნათქვამი“, – დაასკვნა სიმონიანმა.
კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს სესიაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ იქნება სწორი კუხო-ს აზერბაიჯანთან დაპირისპირება. „არ შეიძლება დავსვათ კითხვა, არის თუ არა კუხო ჩვენთან ერთ მხარეს, ხოლო აზერბაიჯანი მეორე მხარეს, ეს არ არის სწორი. აზერბაიჯანს ახლა აბსოლუტურად ჩვენი კაცი, ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს. რა იქნება ხვალ, ეს არ არის სამუდამოდ, არავინ იცის, ამიტომ ეს საკითხები ახლა უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიც და სომხეთიც ბელორუსისთვის ახლო ქვეყნებია და კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს აბსოლუტურად მშვიდობიანი გზით.
ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ბელორუსია და თავად პრეზიდენტი მხარს დაუჭერენ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.







