სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებები შეაფასა, როგორც თავხედური და არამოკავშირული

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს ბოლო სესიაზე ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებებს გამოეხმაურა.
„მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ კომენტარის გაკეთება ბელორუსის პრეზიდენტის, მოლაპარაკების ლოგიკისაგან მოწყვეტილი არამოკავშირული განცხადებების შესახებ, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის მიერ ხელმოწერილი კუხო-ს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებს. „არმენპრესის“ კითხვას ასეთი პასუხი გასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა.
კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს სესიაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ იქნება სწორი კუხო-ს აზერბაიჯანთან დაპირისპირება. „არ შეიძლება დავსვათ კითხვა, არის თუ არა კუხო ერთ მხარეს, ხოლო აზერბაიჯანი მეორე მხარეს, ეს არ არის სწორი. აზერბაიჯანს ახლა აბსოლუტურად ჩვენი კაცი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს. რა იქნება ხვალ, არავინ იცის, ეს არ არის სამუდამოდ, ამიტომ ეს საკითხები ახლა უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიც და სომხეთი ბელორუსისთვის ახლო ქვეყნებია და კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს აბსოლუტურად მშვიდობიანი გზით.
ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ბელორუსია და თავად პრეზიდენტი მხარს დაუჭერს სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.







