
სომხეთმა თავის დროზე შესთავაზა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონიტორინგის ფუნქციების რუსეთისთვის გადაცემა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მან საზღვარზე დემილიტარიზებული ზონის შექმნის აუცილებლობის შესახებაც ილაპარაკა. საუბარია ჯარების ორმხრივ გაყვანაზე და სამი კილომეტრიანი დემილიტარიზაციის ზონის შექმნაზე.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას და იქნება 1991 წლის საზღვრების ურთიერთაღიარების ლოგიკური გაგრძელება.
„ჩვენ ვამბობთ, რომ თუ საზღვრები ურთიერთაღიარებულია, მაშინ რას აკეთებენ აზერბაიჯანის ჯარები ვერინ შორჟასთან, ჯერმუკთან, შავი ტბის სამხრეთ სანაპიროსთან და ა.შ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ ჯარების ორმხრივ გაყვანას და სამაგიეროდ კონტროლის გადაცემას სომხეთისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეებისადმი“, – განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის ხელშეკრულებების შესრულებას. ამ კონტექსტში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თავიდან ერევანმა შესთავაზა მონიტორინგის ფუნქციების გადაცემა რუსეთის მხარისთვის, ზერბაიჯანი არ დათანხმდა. საჭიროა მშვიდობის გარანტი, იქნება ის კუხო, ეუთო, ევროკავშირი თუ გაერო. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი თქმით, საჭიროა მშვიდობის გარანტი და ეს გარანტორები უნდა იყვნენ ქმედუნარიანი ძალები.







