საერთაშორისო

ირანელმა დეპუტატებმა მკაცრად გააკრიტიკეს ალიევი

ირანელი კანონმდებლების ჯგუფი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის კომენტარს აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების ენობრივი უფლებების შესახებ, რაც ირანში აღიქმებოდა, როგორც აშკარა მინიშნება იყო ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელების სიმრავლეზე, წერს Tehran Times.

დეპუტატმა სეიედ ალბორზ ჰოსეინმა ალიევს შეახსენა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა თავად გამოეყო ირანს გულისტანის ხელშეკრულებით.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი შეხედულებები თურქებით დასახლებულ ტერიტორიებზე. მე მას ვთავაზობ, წაიკითხოს გულისტანის ხელშეკრულება, რათა გაიგოს, რომელი ტერიტორია გამოეყო რომელ ტერიტორიას. ეს მოსაზრებები მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არ არის აქტუალური“, – განაცხადა ჰოსეინმა.

კომენტარი გაკეთდა ალიევის ორაზროვანი განცხადების საპასუხოდ, რომელიც მან თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მე-9 სამიტზე გააკეთა. „თურქული სამყარო შედგება არა მხოლოდ დამოუკიდებელი თურქული სახელმწიფოებისგან, მისი გეოგრაფიული საზღვრები უფრო ფართოა. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ორგანიზაციის ფარგლებში ყურადღება მივაქციოთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის   შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების საზღვრებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ასიმილაციის აღკვეთას და უფლებების, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობის დაცვა. განაცხადა ალიევმა. „თურქული სამყაროს ახალგაზრდა თაობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს მშობლიურ ენაზე, სადაც ცხოვრობს. სამწუხაროდ, 40 მილიონი აზერბაიჯანელიდან უმეტესობა, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, მოკლებულია ამ შესაძლებლობებს. ორგანიზაციის დღის წესრიგში ყოველთვის უნდა იყოს თურქული სახელმწიფოების საზღვრებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მშობლიურ ენაზე სწავლის საკითხი. ამ მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას… ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ბედისწერის გამო აზერბაიჯანის სახელმწიფოს მოწყვეტილმა თანამემამულეებმა შეინარჩუნონ ენა, ტრადიციები და კულტურა, დარჩნენ აზერბაიჯანული იდეების ერთგული და არასოდეს დაირღვეს  ისტორიულ სამშობლოსთან კავშირები“.

ჰოსეინმა თქვა, რომ ალიევის მოსაზრებები არარეალურია და აზერბაიჯანი ირანის ნაწილი იქნებოდა, რომ არა გულისტანის შეთანხმება. მან ასევე მოუწოდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მეჯლისს გამოეხმაურონ ამ გამონათქვამებს.

ალი ნიქზადმა აღნიშნა, რომ „შვილიშვილი ბაბუაზე უარს ვერ იტყვის“, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შენიშვნები კი უსაფუძვლოა.

დეპუტატმა მოჰამედ რეზა მირთაჯუდინმა ნახჭევანს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ალიევმა გააკეთა კომენტარები, რომლებიც მის შესაძლებლობებს აღემატება და დაადანაშაულა ისტორიის არ ცოდნაში. „ყურადღება მიაქციეთ, რომ აზერბაიჯანი ირანს გამოეყო და არა პირიქით“, – შეახსენა მან ალიევს.

ნახეთ მეტი
Back to top button