სომხეთი აგრძელებს უფრო დემოკრატიული და უსაფრთხო მომავლისკენ სწრაფვას. ლინ ტრეისი
სომხეთი არ არის კმაყოფილი რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობით და ვაშინგტონი, სარგებლობს რა ამით, ერევანთან “მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს” აწარმოებს. TASS-ის გადმოცემით, განაცხადა რუსეთში აშშ-ის ელჩის კანდიდატმა ლინ ტრეისიმ.
„სომხები მეუბნებიან, რომ არ სურთ წარსულში დაბრუნება, კორუმპირებული ლიდერები, მათ სურთ იპოვონ ნათელი მომავალი. ისევ რუსეთის თემას რომ მივუბრუნდეთ, ვფიქრობ, პრობლემა ეს არის და ასე ამბობენ სომხები. ისინი ხედავენ, რომ მათი წინა და ამჟამინდელი ურთიერთობები რუსეთთან არ აკმაყოფილებს სომხეთის ამჟამინდელ საჭიროებებს. ვფიქრობ, ჩვენ, აშშ და სომხეთი ახლა შემდეგ ეტაპზე ვართ. „ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სომხეთს, რომელიც, ვფიქრობ, აგრძელებს უფრო დემოკრატიული და უსაფრთხო მომავლისკენ სწრაფვას“, – თქვა ტრეისიმ.
„მე ვიტყვი, რომ ასევე არსებობს მრავალი უსაფრთხოების გამოწვევა, რომელშიც რუსეთი თამაშობს როლს და რაზეც ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ“, – დასძინა ამერიკელმა დიპლომატმა.
ის სიტყვით გამოვიდა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე მოსმენის დროს, რომელიც მიეძღვნა მისი კანდიდატურის განხილვას. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ რუსეთში აშშ-ის ელჩის პოსტზე დასახელებამდე, ის იგივე თანამდებობას იკავებდა ერევანში.