საერთაშორისო

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ ომს შესაძლოდ მიიჩნევს

საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების, რეგიონში ევროკავშირის ახალი სადამკვირვებლო მისიის, ლაჩინის დერეფნის ბლოკადისა და სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი შესაძლო ომის პროგნოზის შესახებ. რეგიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვიზიტის კონტექსტში გამოქვეყნდა მოხსენება „სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალი ომის  მოლოდინში“. ამის შესახებ წერს “radar.am” -ი

მოხსენებაში, რომელიც აღწერს რეგიონში არსებულ ვითარებას და ასახავს შემთხვევების განვითარების ქრონოლოგიასა და კონტექსტს, ასეთი დასკვნა კეთდება:  „სექტემბრის ბრძოლებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან და თავად სომხეთის შიგნით გაზარდა საომარი მოქმედებების განახლების რისკი. თუ ამას სამხრეთ კავკასიაში მორიგი ომი მოჰყვება, ორივე ქვეყანა მიიღებს  ადამიანურ, ფინანსურ და პოლიტიკურ ზარალს, დაზარალდება რეგიონული სტაბილურობა. თუ ომი ხანმოკლე იქნება, ახალი ბრძოლები მოსახლეობას უბედურების გარდა არაფერს მოუტანს და კიდევ უფრო გააუარესებს პოლიტიკურ კლიმატს ევრაზიაში, რომელიც უკვე საკმაოდ სავალალოა რუსეთის ქმედებების გამო უკრაინაში. მაგრამ რუსეთსა და დასავლეთს შორის გაღრმავებული კრიზისით გართულებული მოლაპარაკებების და დიპლომატიის გამო, მეომარმა მეზობლებმა დამატებითი ძალისხმევა და ენერგია უნდა დახარჯონ საომარი მოქმედებების განახლების რისკის მართვის მიმართულებით.

23 იანვარს ევროკავშირის ორწლიანი მისიის გამოცხადება გაბედული და მისასალმებელი ნაბიჯი იყო. წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის შექმნას ბრიუსელში გარკვეული მანევრირება დასჭირდა, სომხეთის ოფიციალური ალიანსის რუსეთთან და აზერბაიჯანის გაუცხოების შეუფერებლობის გათვალისწინებით, იმ დროს, როდესაც მის ენერგორესურსებზე დიდი მოთხოვნაა კონტინენტზე. მიუხედავად ამისა, ხარჯები და რისკები მართვადი ჩანს და ღირს გარისკვა.  როგორც ჩანს, ევროკავშირის მისია არის საუკეთესო შანსი სექტემბრის ბრძოლების განმეორების ან მისი ესკალაციის რისკის შესამცირებლად.

ახლა ბრიუსელმა და მისმა პარტნიორებმა მაქსიმალურად უნდა აამოქმედონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ აღებული აქვთ.  ევროკავშირს ყველა შესაძლო გზით მოუწევს ძალისხმევა, რათა დაარწმუნოს ბაქო და მიიღოს  დამკვირვებლების განლაგების ნებართვა საზღვრის აზერბაიჯანულ მხარესაც. უფრო მჭიდრო სამუშაო შეთანხმებები ასევე უნდა დამყარდეს რუს მესაზღვრეებთან, სადაც მუშაობენ ევროკავშირის დამკვირვებლები და რუსი პერსონალი. და ბოლოს, ევროკავშირის მისიას უნდა ჰქონდეს საჭირო მანდატი და რესურსები, რათა ხელი შეუწყოს კომუნიკაციას და თანამშრომლობას ორივე მხარეს შორის და საზღვრის გასწვრივ.

მოსკოვი შეიძლება არ მიესალმოს ამ მისიას, მაგრამ მისი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში ემთხვევა ბრიუსელის ინტერესებს, ყოველ შემთხვევაში, კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით. კრემლმა უნდა დაინახოს მისია, როგორც შესაძლებლობა და მშვიდობიანად დაეხმაროს მას თავისი საქმის შესრულებაში.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ომით არის დაკავებული, ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი აიღო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობაში. სამხრეთ კავკასიის სტაბილიზაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკურ მომგებიანობას, მათ შორის ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევას, აზერბაიჯანთან ვაჭრობას და ასევე სტრატეგიულად, ვინაიდან თავად ბლოკი არ არის დაინტერესებული საზღვრებთან მორიგი ომით. თუმცა, ეს დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგო იქნება, თუ მხარეებს შორის ახალი შეტაკებები მოხდება. 23 იანვარს ორწლიანი სადამკვირვებლო მისიის შესახებ გამოცხადებით, ბრიუსელმა აჩვენა, რომ მას აქვს პოლიტიკური ნება, შეასრულოს ახალი და გადამწყვეტი როლი მხარეების კონფლიქტისგან თავის დასაცავად. ახლა მან ამ მისიას უნდა მიაწოდოს მანდატი, დიპლომატიური მხარდაჭერა და რესურსები, რაც მას წარმატების საშუალებას მისცემს“.

ნახეთ მეტი
Back to top button