საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს მართავს

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ საკმურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს რეგიონებში აქციები იმართება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით.

დღეს, 9 თებერვალს, სააკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრინებნენ ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში. სხვადასხვა ქალაქში აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აქციას შეუერთდა ზესტაფონში.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, პარტია აქციებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქში გამართავს, 20 თებერვალს კი მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართება, რითაც რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის მიერ ორგანიზებულ კამპანიას შეურთდებიან, რომლის ფარგლებშიც სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მსოფლიოს 17 ქალაქში გაიმართება.

„ჩვენი ამოცანა და ვალია, რომ ორგანიზმში სისხლი ავამოძრავოთ იმისათვის, რომ ხალხმა ირწმუნოს, მათი აქტიურობით შესაძლებელია რაღაცის შეცვლა და შესაძლებელია, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილს დავეხმაროთ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელიც ბორჯომში აქციაზე იმყოფებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ენმ-ში სპეციალური ბრიფინგი დაინიშნა, რომელიც პარტიის სამომავლო გეგმებს ეხებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და გადადის ყოველდღიური პროტესტის რეჟიმში.

ნახეთ მეტი
Back to top button