არცახში ყველაფერს იზოგავენ – საკვებიდან ელექტროენერგიამდე: ორი თვე ალყაში

ორი თვეა ალყაში მოქცეული არცახელების ცხოვრება ელექტროენერგიის გამორთვის გრაფიკის მიხედვით იწყება და გრძელდება. გადატვირთულია არცახის ენერგო ქსელი. უკვე თვეზე მეტია, რაც სომხეთიდან არცახამდე ერთადერთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. აზერბაიჯანი მისი შეკეთების საშუალებას არ აძლევს. „არცახ ენერჯი კომპანია“ მოუწოდებს ელექტროენერგია ზომიერად გამოიყენონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები წარმოიქმნება. სტეფანაკერტის მკვიდრი ირინა არუსტამიანი ამბობს:
„დილით რომ ვიღვიძებთ, სინათლის განრიგი უნდა დავიმახსოვროთ. თუ დილის 8-9 საათზე შუქი არ იქნება, 7-ზე ვიღვიძებ და ყველაფერს ვათბობ. რვა საათზე ბავშვებს ვაღვიძებ საუზმისთვის. რა თქმა უნდა, სახლში ცივა. დღეს უკვე მიმდინარე გრაფიკის მიხედვით ვგეგმავთ. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია ვიშოვოთ ბავშვებისთვის საჭმლის მოსამზადებლად. მინიმალური რამ“.
არცახში უკვე ორი თვეა ყოველდღიურ მენიუს არა სურვილის მიხედვით, არამედ შესაძლებლობის მიხედვით ადგენენ. იმის მიხედვით, რა აქვთ სახლში, ან რისი პოვნა შეუძლიათ მაღაზიაში. საკვების, აუცილებელი საქონლისა და საწვავის ნაკლებობა კი ყოველდღე უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. 20 იანვრიდან კუპონით უზრუნველყოფილია ხუთი აუცილებელი პროდუქტი. მათ 21 თებერვლიდან დაემატება კვერცხი, ბოსტნეული, სარეცხი ფხვნილი.
„მაღაზიები იღებენ საქონელს სათითაოდ, მაგრამ არც ისე ბევრს. ამიტომაც არის ამდენი რიგები. თუ სამსახურში ხარ, ვერ ცადგები რიგში. ნაცნობ-მეგობრების ჩარევა გვიწევს, რომ ვიყიდოთ. ბოსტნეული და ხილი უკვე ხელმისაწვდომი იქნება კუპონით. ძალიან ცოტაა პირველადი მოხმარების ნივთები, როგორიცაა ხელსახოცები და ჰიგიენური საშუალებები, არ იშოვება. ხალხი რატომღაც შეეგუა და ცხოვრობს“, – ამბობს ირინა არუსტამიანი.
უკვე ორი თვეა, რაც არცხის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა დაგეგმილი ოპერაცია შეჩერებულია. საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა დაკეტილია. ენერგოსისტემაში შექმნილი ვითარების გამო არაერთმა კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა.







