
სრ საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია თურქეთში ჩავიდა. სომხეთის დელეგაციას ანკარის აეროპორტში სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ ქილიჩი დახვდა.
შემდეგ გაიმართა კერძო საუბარი სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რასაც მოჰყვა გაფართოებული შეხვედრა.
სომხეთის დელეგაცია ასევე ეწვევა მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქ ადიამანს (ჰასანმსური), სადაც სომეხ მაშველთა ჯგუფს შეხვდება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პირადი საუბრის შემდეგ განცხადება გააკეთეს.
კერძოდ, მირზოიანმა გამოხატა სომხეთის მზადყოფნა სრულად გახსნას საზღვრები სომხეთსა და თურქეთს შორის.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გამოწვეულია სტიქიით, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამ რთულ მომენტში თურქეთში ყოფნისას, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო რეგიონში მშვიდობის დამყარების და, კერძოდ, თურქეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის მნიშვნელობა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების სრულად გახსნის საკითხში სომხეთის მზადყოფნა და მისწრაფება“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ ჩავუშოღლუსთან ამ საკითხზე გარკვეული დეტალები განიხილა.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევაკეთოთ ანის ხიდი, ასევე ვიზრუნოთ შესაბამის ინფრასტრუქტურაზე საზღვრის სრულ გახსნამდე“, – განაცხადა მირზოიანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ იმედოვნებს წინსვლას ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.
„დღეს ჩვენ კოლეგა მირზოიანთან განვიხილეთ აუცილებელი ნაბიჯები ურთიერთობების მოწესრიგების გასაგრძელებლად. ჩვენ შევთანხმდით მათ დაჩქარებაზე“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ სომეხ კოლეგასთან არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„სომეხმა პარტნიორმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესზე. თუ სამი ქვეყანა გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, ეს ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ, იტყობინება Ria Novosti.
მისი თქმით, სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე გამშვები პუნქტების მომზადება გრძელდება, რომლებთანაც მიმავალი გზები და ხიდები გარემონტდება.
ეს მირზოიანის მეორე ვიზიტია თურქეთში, მანამდე მან მონაწილეობა მიიღო ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ ფორუმში და დახურულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქ კოლეგასთან.







