მთავარიპოლიტიკა

მიწისძვრა ურთიერთობების დათბობის სტიმული  –   რა შედეგები მოჰყვება კონტაქტს  სომხეთსა და თურქეთს შორის

საინტერესო ცვლილებები ხდება სომხეთ-თურქეთის დიპლომატიურ ურთიერთობებში, რისთვისაც რეალურად სტიმული იყო მიწისძვრა და ერევნის გადაწყვეტილება დახმარების გაწევის შესახებ. კვირის განმავლობაში სომხეთმა ორჯერ გაგზავნა მაშველთა ჯგუფი, ასევე სატვირთო მანქანები ჰუმანიტარული ტვირთით. სატვირთო მანქანებმა სახმელეთო საზღვარი 30 წლის განმავლობაში პირველად გადაკვეთეს მარგარას ხიდის გავლით. 15 თებერვალს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთში გაემგზავრა. ვიზიტი ანკარადან დაიწყო, სადაც მოლაპარაკებები გამართა თურქ კოლეგასთან. შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი  ადიამაში გაემგზავრა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილე სომხურ რაზმს შეხვდა.

ეს იყო სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე ვიზიტი თურქეთში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში: 2022 წლის მარტში მან მონაწილეობა მიიღო ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაში.

ვიზიტსა და შეხვედრებს თან ახლავს ურთიერთგამამხნევებელი განცხადებები და მადლიერების სიტყვები.

რამდენ ხანს გაგრძელდება არსებული ჩვეულებრივი დათბობა, რამდენად შეიცვლება თურქეთის პოლიტიკა და შეწყვეტს თუ არა ის სომხეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ ყოფნას, ეს ის კითხვებია, რომელიც დღეისათვის უფრო აქტუალურად ჟღერს,  ვიდრე ოდესმე…

თურქოლოგი რუბენ საფრასტიანი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს თურქეთის სტრატეგიის შეცვლას. „Sputnik სომხეთთან“  საუბარში ექსპერტმა აღნიშნა, რომ ანკარას პოლიტიკური მიმართულება, რომელიც მან მიიღო გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ზოგადად უცვლელია. ამ პოლიტიკის არსი არის სომხეთის სახელმწიფოზე მუდმივი ზეწოლა, მისი დაუცველი და მოუხერხებელი გეოგრაფიული პოზიციით სარგებლობა, სხვადასხვა დათმობაზე წასვლის იძულება. სხვათა შორის, ამ წლების განმავლობაში სომხეთთან საზღვარი სწორედ ამ მიზეზით იყო ჩაკეტილი. სომხეთის ნებისმიერი ჰუმანიტარული ნაბიჯი კი თურქეთის სტრატეგიას მყისიერად ვერ შეცვლის და დაკეტილი საზღვარი ამ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

უდავოა, რომ კატასტროფის შედეგები აიძულებს თურქეთის ხელმძღვანელობას ყოველ შემთხვევაში ტაქტიკურ დონეზე  გადახედოს ურთიერთობებს მეზობლების – სომხეთის, საბერძნეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის, ეგვიპტის მიმართ, ამას მოწმობს სომეხი დიპლომატებისადმი მიმართული მადლიერების სიტყვები სოციალურ ქსელებში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თურქეთში და თბილი შეხვედრა თურქ კოლეგასთან, ერდოღანის მოლაპარაკებები ერაყის ქურთისტანის ლიდერთან. მაგრამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. საფრასტიანის თქმით, უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი და გარდაუვალი შიდა პრობლემები აიძულებს თურქეთის მთავრობას „ზეციდან დაეშვას“ და  მოთოკოს  მისი გეოსტრატეგიული მადა.

„ანკარას ამბიციები წარმოუდგენლად გაიზარდა ბოლო წლებში, მაგრამ მისი აქტიურობა აშკარად არ ემთხვეოდა მის ობიექტურ შესაძლებლობებსა და რესურსებს. თურქეთი ცდილობდა თავის თავს გადახტომოდა, ახლა, ვფიქრობ, ცოტა დამშვიდდება, მოუწევს საკუთარ შინაგან პრობლემებთან გამკლავება, რომელიც საკმაოდ გაიზარდა“, – დარწმუნებულია საფრასტიანი.

თუმცა, მისი აზრით,  სტრატეგიულად, ყველა ეს საგარეო პოლიტიკური პრობლემა და აგრესიული განწყობები შენარჩუნდება.

ამასთან, აღმოსავლეთმცოდნე სომხეთის მიერ თურქეთში დახმარების გაგზავნას ჰუმანიტარულ ჟესტად მიიჩნევს, რადგან ეს ცივილიზებული და ქრისტიანული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ოფიციალურ ერევანს სხვა მოტივები და სხვა გათვლები, საფრასტიანს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ყოველ შემთხვევაში, ის დარწმუნებულია, რომ ჰუმანიტარული ქმედებები თურქეთის გეოსტრატეგიულ გეგმებს არ შეცვლის.

სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე დასავლელი პოლიტიკოსების პოზიტიურ გამოხმაურებაზე და მათ მხარდამჭერ რიტორიკაზე საუბრისას საფრასტიანმა განაცხადა, რომ მათი მხრიდან  ამ პასუხს არ თვლის აქტიური დიპლომატიური ჩარევის ნიშნად.

მანამდე USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთმა თურქეთში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით.

მსგავსი პოსტი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გააკეთა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ტოივო კლაარმა.

რუსი აღმოსავლეთმცოდნე და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ვიქტორ ნადეინ-რაევსკი თვლის, რომ მიუხედავად ისტორიული კონფლიქტისა  და უთანხმოებისა დახმარების გაგზავნით ერევანმა დაამტკიცა თავისი ერთგულება უნივერსალური ღირებულებებისადმი.  მნიშვნელოვანია, რომ თურქულმა მხარემ მადლიერება გამოხატა სომხეთის ხელმძღვანელობის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით.  „Sputnik სომხეთთან“  საუბარში ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვიმედოვნოთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება, თუმცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ისტორიული საკითხები კვლავ დღის წესრიგშია.

უპირველეს ყოვლისა, საუბარია სომხეთისგან დათმობებზე, რის მოთხოვნასაც თურქეთ-აზერბაიჯანული კავშირი აგრძელებს. აშკარაა, რომ აზერბაიჯანს არ მიუტოვებია არც ექსტრატერიტორიული დერეფნის იდეა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და არც ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის რესპუბლიკის მიმართ. აქამდე თურქეთი ერევანთან დიალოგს სომხურ-აზერბაიჯანულ პროცესზე  დამოკიდებულს ხდიდა. ნადეინ-რაევსკი ეჭვობს, რომ ურთიერთობების თითქმის უპრეცედენტო დათბობის მიუხედავად, სომხეთის ხელმძღვანელობამ შესძლოს  სომხურ-თურქული მოლაპარაკებების “გამოცალკევება”  სომხურ-აზერბაიჯანული  მოლაპარაკებებისაგან.

ექსპერტი იხსენებს, რომ ე.წ. „საფეხბურთო დიპლომატიის“ მარცხი აზერბაიჯანულმა ფაქტორმა გამოიწვია. ბევრს ახსოვს ის პასუხი, რომელიც თურქეთმა მიიღო აზერბაიჯანიდან და სომხურ-თურქული დიალოგის პროტესტის ნიშნად ბაქოში თურქეთის დროშები დაწვეს.

„ეს ის შემთხვევაა, როცა არა თუ ძაღლი აქანებს კუდს, არამედ პირიქით… ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხი  განვითარდება  აზერბაიჯანის პოზიციის მიხედვით.  არ ვიცი შეძლებენ თუ არა თურქები სიტუაციის შემობრუნებას, რომ ურთიერთობების მოწესრიგება არ იქნას დამოკიდებული ბაქოს მიერ წამოყენებულ სხვადასხვა მოთხოვნებზე“, – დასძინა რუსმა ექსპერტმა.

სომეხთა გენოციდის საკითხი ოსმალეთის იმპერიაში კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხად. ეჭვგარეშეა, რომ თავად სომხეთის ზოგიერთ წრეში, ანკარასთან დიალოგის დასამყარებლად, სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების იდეაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებენ. მაგრამ ასეთი მიდგომა ნიშნავს ყველა იმ პრინციპზე, ნორმასა და მიდგომაზე უარის თქმას, რომლითაც სომხეთი აქამდე იმართებოდა. ასეთი მიდგომა მოიტანს  დაყოფასა  და გაუცხოებას  დიასპორასა და ისტორიულ სამშობლოს შორის.

ნადეინ-რაევსკის უჭირს იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება სომხური პოლიტიკა. თუმცა, ნაბიჯები გადაიდგა და უნდა ველოდოთ.

ნახეთ მეტი
Back to top button