
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელის დროს გაჟღერებულ რიგ ყალბ განცხადებებს.
როგორც “არსენპრესი” იუწყება, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესახებ მიუნხენში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდტმა. უპასუხა რა ალიევის განცხადებას, რომ „არ არსებობს მთიანი ყარაბაღის გაგება და არ არსებობს ასეთი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანში“, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის მთიანი ყარაბაღი და ასევე არის ლაჩინის დერეფანი, რომელიც 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრიი დეკლარაციის თანახმად უნდა იყოს ღიად და ამ დოკუმენტს ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც მოაწერა.
„ამ დოკუმენტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმოწერაა განთავსებული. იმ დოკუმენტშიც წერია, რომ ლაჩინის დერეფანი ღია და აზერბაიჯანის კონტროლის მიღმა უნდა დარჩეს. იცით, ცოტა ხნის წინ რამდენიმე სომეხმა ბავშვმა სცადა ლაჩინის დერეფნის ავტობუსით გადაკვეთა, მაგრამ გააჩერეს და ავტობუსში რამდენიმე ნიღბიანი აზერბაიჯანელი შევიდა. ბავშვები შეშინებულები იყვნენ და ეს იყო ლაჩინის დერეფნის გადაკვეთის სომხების უკანასკნელი მცდელობა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა უსაფუძვლოდ მიიჩნია ალიევის განცხადება, რომ სომხებმა მეჩეთები დაანგრიეს.
„2017 წელს აზერბაიჯანში ბევრი მეჩეთი დაინგრა, რათა მათ ადგილას სხვა შენობები აეშენებინათ. საბჭოთა წლებში აზერბაიჯანში 1500-ზე მეტი მეჩეთი დაინგრა და მთიანი ყარაბაღის სომხებმა არ უნდა გადაიხადონ საბჭოთა პერიოდის ვალები. ეს ძალიან საგანგაშო ნარატივია, რადგან ვშიშობ, რომ აზერბაიჯანს სურს რელიგიური კონტექსტი მისცეს მთელ ამ სიტუაციას. კონფლიქტში რელიგიური კონტექსტი არ არსებობს. სომხეთში გვყანს მუსლიმი უმცირესობა და მოქმედი მეჩეთი. ეს არის რეალობა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოსვლაში შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა და სიტყვა „კაპიტულაციას“ გაუსვა ხაზი.
„როგორც ჩანს, აზერბაიჯანს აღებული აქვს შურისძიების გეზი და შესაძლოა, ეს არის აზერბაიჯანის პოლიტიკა. აღინიშნა, რომ ჩვენი ისტორია ძალიან რთულია და ეს არის ისტორიული შეხვედრა, მაგრამ რა მიზნით ვიყენებთ მას? სიძულვილისა და აგრესიისთვის თუ სიტუაციის გასაუმჯობესებლად, კონსტრუქციული მიზნებისთვის. მე ვამაყობ, რომ ჩვენმა მთავრობამ დამანგრეველი ომის შემდეგაც კი ჩაატარა თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები. გამოსავალი არის დემოკრატია, გამჭვირვალობა, დიალოგი და პატივისცემა ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნისადმი“, – დაასკვნა ფაშინიანმა.







