კულტურა

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი დაარსდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა. interpressnews.ge-ს მიხედვით, ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის შექმნის დეტალები და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული არმენოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გაძლიერების საკითხი განიხილეს.

„შეხვედრის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ და ერევნის უნივერსიტეტის რექტორმა, ჰოვანეს ჰოვანისიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, სტუდენტებისთვის ორმხრივი გაცვლითი პროგრამების განვითარებას ხელს შეუწყობს. ხელშეკრულების ფარგლებში თსუ-ის არმენოლოგიის მიმართულების სტუდენტები ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობას განახორციელებენ, ხოლო ერევნის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრებიან. გარდა ამისა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები დაიგეგმება.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ-ს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი დელეგაციასთან ერთად, თბილისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით იმყოფება,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ მეტი
Back to top button