მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის გამორიცხვით შექმნას პირობები ეთნიკური წმენდისთვის    –  არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებები, რომ აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია და საერთაშორისო დღის წესრიგში აღარ დგას, რეალობას არ შეესაბამება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ჰიკმეთ ჰაჯიევის აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტზე,  მოლაპარაკების პროცესსა და რიგ სხვა საკითხებზე  კომენტარის საპასუხოდ გაავრცელა.

„ის ფაქტი, რომ აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტი არ არის მოგვარებული და საჭიროებს ყოვლისმომცველ მოგვარებას, არაერთხელ განაცხადეს ცალკეულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა, ასევე რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ის ფაქტი, რომ 2022 წლის დეკემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელსაც ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, განიხილა ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან დაკავშირებული ვითარება, უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მტკიცებას, რომ კონფლიქტის საკითხი წარსულს ჩაბარდა. ოფიციალური ბაქოს სურვილი, დაკანონდეს ძალის უკანონო გამოყენების შედეგები არცახის რესპუბლიკისა და მისი ხალხის წინააღმდეგ და წარმოაჩინოს იგი აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის გამოსავალად, არის მცდელობა დაბრუნდეს იმ პერიოდში, როდესაც სამხედრო ძალა ჭარბობდა საერთაშორისო სამართალს.

არცახის მხარე კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის მცდელობებს, დაამახინჯოს კონფლიქტის არსი და წარმოაჩინოს იგი შიდა პრობლემად. 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არცხის ბლოკადის ფონზე, აშკარაა, რომ აზერბაიჯანის მიზანია შექმნას პირობები არცახში შეუზღუდავი ეთნიკური წმენდისთვის, საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის გამორიცხვით. სწორედ ამიტომაა, რომ აზერბაიჯანი ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევას, მათ შორის, საერთაშორისო მისიების გაგზავნას არცახში, რათა ვერაფერმა და ვერავინ შეუშლის ხელს მისი დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებას, რომელიც ეთნიკურ წმენდას ითვალისწინებს.

ამავდროულად, აზერბაიჯანული მხარე აგრძელებს ცრუ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ სომხეთმა შეიარაღებული ძალები სრულად არ გაიყვანა და აგრძელებს არცახისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. ასეთი პრეტენზიები არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს ლაჩინის დერეფნის 90 დღეზე მეტი ბლოკადის გამართლებას.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ არცახის რესპუბლიკას ჰყავს ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტებული თავდაცვის არმია, რომლის არსებობა არ ეწინააღმდეგება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის არცერთ დებულებას და არის არცახის მოსახლეობის უსაფრთხოების მთავარი გარანტი. აზერბაიჯანის კამპანია არცახის თავდაცვის არმიის წინააღმდეგ განპირობებულია იმით, რომ ბაქო ცდილობს არცახელ  სომხებს ჩამოართვას  თავდაცვის უფლება, რთა ვერავინ შესძლოს წინააღმდეგობის გაწევა ეთნიკური წმენდის სისრულეში მოყვანის დროს.

აზერბაიჯანის მტკიცება, რომ ლაჩინის დერეფანი ღიაა, მცდარია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სასამართლოს მოსმენების დროს აზერბაიჯანს ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა ყველა თავისი არგუმენტი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებასთან დაკავშირებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მხარეთა არგუმენტების დეტალური განხილვის შემდეგ იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს დაავალა უზრუნველყოს ლაჩინის დერეფნის შეუფერხებელი მოძრაობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები იურიდიულად სავალდებულოა“, – ნათქვამია არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button