საზოგადოება

ორალის მცხოვრებლებმა ჯვრის აღმართვის ნებართვა მიიღეს

JNEWS-ი წერს, რომ ახალციხეში სომხებით დასახლებულ სოფელ ორალში ბორცვზე აღმართული ჯვარი გასულ წელს დაშალეს. სოფლის მცხოვრებლებმა ჯვრის ხელახლა დამონტაჟების ნებართვა მიიღეს. რეგიონული პორტალის „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ახალციხის მერიამ სააგენტოს მიმდინარე წლის 9 იანვარს მიმართა.

სოფელ ორალში გაურკვეველი მიზეზების გამო მთის წვერზე აღმართული რკინის ჯვარი დაშალეს და გადაიტანეს. JNEWS-ი ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სულიერ ინსპექტორს, უწმინდესს ტერ ჰაკობ სააკიანს დაუკავშირდა.

„ნებართვა უკვე გვაქვს, დეპუტატისა და ვიცე-მერის შუამდგომლობით საკითხები მოგვარდა, აღდგომის შემდეგ წავალთ და ჯვარს დავამონტაჟებთ“, – განმარტა სასულიერო პირმა.

ჯვარი იმავე ადგილას დამონტაჟდება, საიდანაც თავდაპირველად მოხსნეს.

მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა. ორალის მიმდებარედ სოფლების მცხოვრებლებს ჯვრის აღმართვისთვის სპეციალური ნებართვა არასდროს მოუთხოვიათ.

რელიგიის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 15 მარტს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი და ფინანსური საკითხები 2023 წლის კომისიის პირველ სხდომაზე განიხილეს.

ნახეთ მეტი
Back to top button