
მოსკოვში სირიის საკითხზე რუსეთის, სირიის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. ოთხმხრივ შეხვედრამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბოგდანოვმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქ, ირანელ და სირიელ კოლეგებთან. შეხვედრის დასაწყისში მოკლე სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. დიპლომატების შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა. დღის წესრიგში იყო სირიასა და თურქეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგება, სირიელი ლტოლვილების საკითხები. ამ შეხვედრების სერია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო სამმხრივ ფორმატში, რუსეთი-სირია-თურქეთი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ის ირანის დაჟინებული მოთხოვნით ოთხმხრივი გახდა. რა სურვილები ამოძრავებს თითოეულ მხარეს ამ ფორმატში?
რუსული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების ოთხმხრივი შეხვედრა ტექნიკურ ხასიათს ატარებს. მხარეები შეეცდებიან შეთანხმდნენ ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ამ შეხვედრას, თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, ექსპერტები მაღალ შეფასებას აძლევენ.
საერთაშორისო ვითარების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მინისტრთა შეხვედრის ორგანიზებაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ, აღმოსავლეთმცოდნე გარიკ მისაკიანი აღნიშნავს, რომ ამით მხარეები რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობენ.
„თუ ირანზე ვსაუბრობთ, ირანს არ სურს თავისი პოზიციების დათმობა რომელიმე მხარისთვის, თუნდაც ეს იყოს რუსული მხარე. მეორეს მხრივ, ირანს პრობლემა აქვს სირიაში ისრაელის მუდმივ თავდასხმებთან დაკავშირებულ საკითხში და სირიისთვის „ჰაერის გადაკეტვა“ ძირითადად რუსეთის მიერ ხდება“, – ამბობს გარიკ მისაკიანი.
აღმოსავლეთმცოდნე არმენ პეტროსიანის ფორმულირებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერიოზული პროგრესი განხორციელდეს იმ პრობლემების მოგვარების კუთხით, რომლებზეც ეს პლატფორმაა მიმართული. საუბარია სირია-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე.
„სულ მცირე, რასაც სირიული მხარე მოითხოვს თურქეთთან ურთიერთობის მოგვარების წინაპირობად არის თურქეთის სამხედრო ძალების სირიიდან გაყვანა. ბუნებრივია, თურქეთი უარს იტყვის სირიის ჩრდილოეთიდან შეიარაღებული ძალების ცალმხრივად გაყვანაზე, რაც განაპირობებს სირიაში მყოფი ყველა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაყვანას: რუსეთის, ირანის და ამერიკისაც. ამიტომ, თუ ამ კუთხით შევხედავთ საკითხს, ასევე რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული კონფლიქტის ფონზე, სირიის ხელისუფლების ეს მოთხოვნა არ შესრულდება“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეხვედრა 3-4 აპრილს გაიმართება.
„ეგვიპტეში ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს ჩვენ გამოვაცხადეთ მინისტრის მოადგილეების დონეზე ოთხმხრივი შეხვედრის გადადების შესახებ. შეხვედრის ახალი თარიღი უკვე შეთანხმებულია. ის 3-4 აპრილს მოსკოვში გაიმართება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ამ შეხვედრიდან, ექსპერტ გარიკ მისაკიანის აზრით, ერდოღანი არჩევნების წინა დღეებში ერთ მიზანს ისახევს. პრობლემა სირიის კონფლიქტის მოგვარებაში ან გარკვეულწილად მის გაყინვაშია.
„რუსული მხარე, რომელიც უკრაინით არის დაკავებული, ალბათ ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას სირიის ამ კონფლიქტის მთავარ მოთამაშეებთან, გარკვეულწილად ასევე შეინარჩუნოს რუსული პოზიციები სირიაში.
აღმოსავლეთმცოდნე გარიკ მისაკიანიც მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების შეხვედრისგან კონკრეტულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა მიაჩნია, რომ მხარეები მიიღებენ შეთანხმებას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ოთხმხრივი შეხვედრის მოწყობაზე.
„ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ თურქეთის დაბალანსება ირანისა და რუსეთის მიერ სირიაში იქნება ნათელი მაგალითი სამხრეთ კავკასიაში მსგავსი ოპერაციის განსახორციელებლად და ირანული მხარე, ალბათ, ასევე მოაგვარებს პრობლემებს ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოსთან. საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ერაყი, ასევე სირიაში. ცდილობს გარკვეული სტაბილურობის მიღწევას, დიდი ალბათობით სამხრეთ კავკასიის პრობლემებზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილების მიზნით.
არმენ პეტროსიანი კი თვლის, რომ თურქეთ-სირიის ურთიერთობების დარეგულირება თეირანს ხელს არ აძლევს, რადგან ეს სირიაში ირანის პოზიციებს შეასუსტებს.
„ირანული მხარე ამ პროცესში მხოლოდ იმიტომ შევიდა, რომ რუსეთმა და თურქეთმა დააიგნორირეს ირანის ჩართულობა სირიის კონფლიქტში“, – ამბობს პეტროსიანი.
არმენ პეტროსიანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების ოთხმხრივი შეხვედრა უფრო ფონურ ხასიათს ატარებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რადიკალური ცვლილებებისთვის, სადაც მნიშვნელოვანია თურქეთ-სირიის ურთიერთობები. მას მიაჩნია, რომ ამ კუთხით შეიძლება დაიწყოს გარკვეული პროცესი, მაგრამ სერიოზული შინაარსის გარეშე. არჩევნებამდე თურქეთს სირიასთან ურთიერთობაში გარკვეული პოზიტიური გარემოს შექმნა სურს, რუსეთი კი თურქეთის ნატოდან გაყვანას ცდილობს, რაც ახალ დაბრკოლებებს ქმნის დასავლეთ-თურქეთის ურთიერთობებში. ყველა შემთხვევაში, არმენ პეტროსიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთ-სირიის ურთიერთობების დარეგულირების ეს მცდელობები შინაარსობრივად ძალიან არაპერსპექტიულია, ამ დიალოგის არსებობა სირიისთვის მაინც მომგებიანია.
ავტორი კარენ ღაზარიან







