
სომხეთსა და თურქეთს აქვთ შეთანხმება, რომ ზაფხულის დასაწყისში გაიხსნას სომხეთ-თურქეთის საზღვარი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის. როგორც იუწყება ARMENPRESS-ი, ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუბენ რუბინიანმა.
„არსებობს შეთანხმება, რომ სახმელეთო საზღვარი უნდა გაიხსნას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის ამ ზაფხულის დასაწყისში. სომხური მხარე მარგარას გამშვები პუნქტის მოწყობაზე მუშაობს. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მზად ვიყოთ აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად. თურქული მხარე იუწყება, რომ ამისთვის ისინიც ემზადებიან. ყოველ შემთხვევაში, არ ყოფილა პრეტენზია, რომ შეთანხმება ძალაში არ არის“, – განაცხადა რუბინიანმა.







