პოლიტიკა

სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება

სომხეთში სამხედროებს სამსახურის დროს სმარტფონების გამოყენება აეკრძალებათ. ამის შესახებ 12 აპრილს, ეროვნული ასამბლეის სესიაზე სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დისციპლინურ კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტების პაკეტის განხილვისას განაცხადა რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არმან სარგსიანმა.

მისი თქმით, გამონაკლისი იქნება ის შემთხვევები, რომლებსაც თავდაცვის მინისტრი გადაწყვეტს. ,,გარდა ამისა, დაწესდება აკრძალვა აქციებში და სხვა მსგავს ღონისძიებებში, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების უკმაყოფილების გამოვლინებასთან“, – განაცხადა სარგსიანმა.

სამხედრო მოსამსახურეებს ასევე აეკრძალებათ საჯარო მიმართვები და განცხადებები სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ, ასევე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, როგორც პირადად, ასევე კოლექტიურ ფორმატში.

გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება არ ექნებათ გაავრცელონ ან განიხილონ ინფორმაცია სამსახურის შესახებ, გამოაქვეყნონ ვიდეო და ფოტოები მასმედიაში, ასევე ინტერნეტში, ზემდგომების ნებართვის გარეშე.

კიდევ ერთი სიახლე ეხება კონტრაქტით მყოფ სამხედროებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, 10 წლის განმავლობაში, ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ, ხელშეკრულების წლიური გახანგრძლივების პრინციპით იმსახურონ. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურედ სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა ყოფილ საშუალო და მაღალჩინოსნებსაც ექნებათ.

ჯარისკაცის მიერ დისციპლინურ ბატალიონში გატარებული დრო არ ჩაითვლება სამსახურის პერიოდად.

ნახეთ მეტი
Back to top button