საერთაშორისო

ჩვენმა გუნდმა აფხაზ ძმებს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ ცნობას ქართული მედია ქვეყნებს.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა „აფხაზ ძმებს“ ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ერთმანეთის ნდობის დამსახურებაა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა – შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ.

ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აფხაზეთის დღეს. მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს“, – ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button