კულტურა

2023 წელს სომხეთში არაერთი ტურისტული ფესტივალი გაიმართება

17-18 ივნისს დილიჯანში სომხურ-ქართული კულტურისა და კულინარიის ფესტივალი, ასევე კონკურსი გაიმართება. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სომხური კულინარიული ტრადიციების განვითარებისა და შენარჩუნების“ ხელმძღვანელმა სედრაკ მამულიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ორივე ერის მუსიკა და ხელოვნების ნიმუშები. „ფესტივალის თემა იქნება ფილმი „მიმინო“. იგი ეძღვნება ქართველი მსახიობის ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას“, – აღნიშნა მამულიანმა.

მისი თქმით, შემდეგი ფესტივალი საქართველოში, თელავში შეიძლება ჩატარდეს. ფესტივალი სომეხ მსახიობს მჰერ მკრტჩიანს მიეძღვნება.

„აგვისტოში ირანულ მხარესთან ერთად ნავასარდის დღესასწაულის მეორედ აღნიშვნა იგეგმება. იწყება კულინარიული პოლიტიკა, იქმნება უნიკალური „ჩრდილო-სამხრეთის კულინარიული დერეფანი““, – დასძინა მან.

ფესტივალის „ცხვრის პარსვის“ კოორდინატორმა ალა ღაზარიანმა აცნობა, რომ მეშვიდე ფესტივალი წელს 10 ივნისს სიუნიქის რაიონის სოფელ ხოტში გაიმართება. „გასულ წელს ფესტივალის ფარგლებში რეგიონს 4000-მდე ტურისტი ეწვია, აქედან 30 პროცენტი უცხოელი ტურისტია. წელს უფრო დიდ ტურისტულ ნაკადს ველით“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, ფონდ „ტათევის აღორძინების“ პროგრამების ხელმძღვანელმა ანი დავთიანმა დასძინა, რომ 24-25 ივნისს ტათევის მონასტერთან გაიმართება ფესტივალი სიუნიქის ისტორიისა და ლეგენდების შესახებ.

სრ ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ, სისიან პოღოსიანმა კი დასძინა, რომ 27-28 მაისს ერევნის ცენტრში, ვერნისაჟთან შიდა ტურიზმისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყობა.

ნახეთ მეტი
Back to top button