საზოგადოება

ერევანი-ბათუმი-ერევნის მატარებელი 14 ივნისიდან ამოქმედდება

7 ივნისს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ და „საქართველოს რკინიგზის“ კომპანიების წარმომადგენლებმა ერევანში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სარკინიგზო ორგანიზაციებს შორის ურთიერთქმედების და მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობები. მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამგზავრო ტრანსპორტის ზაფხულის სეზონის დაწყებაზე 2023 წელს, იუწყება სამხრეთ კავკასიის რკინიგზა.

ერევანი-ბათუმი-ერევნის საერთაშორისო მარშრუტზე მოძრაობა 14 ივნისიდან დაიწყება, ბილეთების შეძენა კი 10 ივნისიდან იქნება შესაძლებელი როგორც ონლაინ, ისე სომხეთისა და საქართველოს მთავარი სადგურების სალაროებში. მატარებელი ორ დღეში ერთხელ იმოძრავებს. გარდა ამისა, ერევანი-თბილისი-ერევნის მარშრუტზე მატარებელი ზაფხულის განრიგით გაუქმდება.

ამასთან, მხარეებმა განიხილეს 2023 წლის 5 თვის განმავლობაში „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ -სა და „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლობის შედეგები, საერთაშორისო სარკინიგზო კომუნიკაციებში საკონტეინერო მატარებლების გაშვება, საერთაშორისო კომუნიკაციებში სატარიფო პოლიტიკის სრულყოფა, მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება, ბილეთების გაყიდვის სისტემის განვითარება და ა.შ.

2022 წლის მუშაობის შედეგებით, საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით სომხეთში 451 ათასი ტონა ტვირთია ექსპორტირებული, სომხეთიდან იმპორტირებული ტვირთის მოცულობამ 906 ათასი ტონა შეადგინა. საქართველოში მოქმედმა ტვირთგამზიდავებმა მითითებულ პერიოდში „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კლიენტებს მიაწოდეს 86,4 ათასი ტონა ტვირთი (კვარცის ქვიშა, კირქვა, ამონიუმის ნიტრატი, კლინკერი).

შეხვედრის შედეგად მხარეებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ მუშაობა სატვირთო ვაგონების ბრუნვის შემცირების, სიჩქარის გაზრდის, სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის დამატებითი მოცულობის მოზიდვის, მოქნილი სატარიფო პოლიტიკის და ტვირთის მიწოდების სიჩქარის გაზრდის მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button