
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ამის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მიზეზი არის ის, რომ აზერბაიჯანი ბოლო დღეებში აგროვებს ჯარებს მთიან ყარაბაღთან კონტაქტის ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ. აზერბაიჯანულ პრესაში და პროპაგანდისტულ პლატფორმებში გაძლიერდა ანტისომხური სიძულვილის რიტორიკა. სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის პოლიტიკა გრძელდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ 1 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს მორიგი პროვოკაცია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ გეღარქუნიქის რაიონის სოთქის სექტორში, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. „ამ პროვოკაციას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მხრიდან ყალბი ამბების გავრცელება სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ“, – განაცხადა ფაშინიანმა.







