პოლიტიკა

აზერბაიჯანში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც ალიევის ახლობლებს შორის კორუფციას იძიებდნენ

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საგამოძიებო გამოცემა AbzasMedia-ს რედაქცია გაჩხრიკა და მისი ორი მენეჯერი დააკავა. ეს მედია წერდა კორუფციაზე ჩინოვნიკებს შორის, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან დაახლოებულ პირებში. ამის შესახებ იუწყება BBC-ის რუსული სერვისი.

AbzasMedia-ს დირექტორი ულვი ჰასანლი პოლიციასთან ერთად გამოცემაში 21 ნოემბერს მივიდა. მას თვალქვეშ სისხლჩაქცევა ჰქონდა და თქვა, რომ იმავე დილით პოლიციამ დაიჭირა და სცემა.

მედია ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ იპოვა 40 ათასი ევრო.

21 ნოემბერს დილით ჩხრეკა ასევე ჩატარდა AbzasMedia-ს რედაქტორის სევინჩ ვაგიფგეზის სახლში. ვაგიფგეზი აეროპორტში 21 ნოემბერს ღამით დააკავეს, როდესაც ის აზერბაიჯანში დაბრუნდა.

ხელისუფლებამ ჰასანლის და ვაგიფგეზს ფულის კონტრაბანდაში ბრალი წაუყენა. მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჟურნალისტებმა დანაშაული არ აღიარეს, ხოლო AbzasMedia-ს გამოცემის ხელმძღვანელების დაკავების რეალური მიზეზი მათ მიერ ჩატარებული კორუფციული გამოძიებაა. ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი და უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ერთნაირ აზრზე არიან და ჟურნალისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ასევე გამოთქვა შეშფოთება ჟურნალისტ ულვი ჰასანლის დაკავებისა და “მას მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის შესახებ”.

AbzasMedia აზერბაიჯანში ცნობილია თანამდებობის პირებს შორის კორუფციის გამოძიებით. მისმა ჟურნალისტებმა, მაგალითად, გაარკვიეს, რომ ზანგილანის რაიონში ტექნოლოგიური „ჭკვიანი სოფლის“ მშენებლობის უკან პრეზიდენტის თანაშემწის ძმის კუთვნილი კომპანია დგას.

სევინჩ ვაგიფგესი მრავალი გამოძიების ავტორია. რამდენიმე წლის წინ მას და მის რამდენიმე კოლეგას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.

BBC აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ჟურნალისტებს სხვადასხვა საბაბით ეკრძალებათ მოგზაურობა.

ბევრი ჟურნალისტიც დაკავებულია. ოქტომბრის მონაცემებით, ადგილობრივი უფლებადამცველების მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა სიაში 200-ზე მეტი სახელია შესული. სულ რამდენიმე თვეში ეს რიცხვი გაორმაგდა.

2022 წელს აზერბაიჯანმა 157-ე ადგილი დაიკავა საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის ინდექსში ჰონდურასთან, ერაყთან, მიანმართან და ზიმბაბვესთან ერთად.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აზერბაიჯანის შესახებ თავის ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს, მაგრამ ქვეყანაში ბევრი ამბობს, რომ ილჰამ ალიევის მმართველობის 20 წლის განმავლობაში მასმედიის მდგომარეობა გაუარესდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ აზერბაიჯანის წამყვანი მედიის სათაურებს გადავხედავთ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანში ალიევისა და მთიანი ყარაბაღის გარდა სხვა თემები თითქმის არ არის.

ნახეთ მეტი
Back to top button