დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ საერთაშორისო თანამეგობრობას აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

18 დეკემბერს, დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ (დძეს) საერთაშორისო საზოგადოებას პოლიტიკური რეპრესიების გამო აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, იტყობინება „თურანი“.
განცხადებაში დძეს-მა აღნიშნა უსაფუძვლო ბრალდებები და დაპატიმრებები რეჟიმის ოპონენტების მიმართ, როგორიცაა ღუბად იბადოღლუ, ტოფიკ იაღუბლუ და სხვები. გაუარესებული სოციალური მდგომარეობისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლება რეპრესიების გაძლიერებით ცდილობს თავი დაიზღვიოს გეოპოლიტიკური და შიდა საფრთხეებისგან, ნათქვამია განცხადებაში. დძეს-ს ცნობით, მთელი რეგიონი ჩართულია ევროინტეგრაციის მოძრაობაში, რისიც ეშინია ხელისუფლებას.
„ყოველ შემთხვევაში, არ არის პერსპექტიული ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიის ასწლიანი ტრადიციიდან აღმოსავლეთისკენ გამოძევება ოჯახის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორებმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდეს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ტოფიკ იაღუბლუ, ღუბად იბადოღლუ, ჟურნალისტები ჰაფიზ ბაბალი, სევინჯ ვაგიფგეზი, ულვი ჰასანლი და სხვა პოლიტპატიმრები.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ორგანიზაციებს, არ დარჩეს გულგრილი რეპრესიული რეჟიმის ანტიჰუმანიტარული ქმედებების მიმართ, გამოიყენონ მიზანმიმართული სანქციები მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც გახდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მტერი“, – ნათქვამია განცხადებაში.







