
სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბაქოს განცხადებებს სამშვიდობო პროცესზე სერიოზულ დარტყმად მიიჩნევს. ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საინიციატივო ჯგუფის სხდომაზე, ისაუბრა რა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლო განცხადებებზე.
ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში არაერთი სენსაციური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ფეხს არ მოიცვლის არც 2021 წლის მაისში და არც 2022 წლის სექტემბერში დაკავებული პოზიციებიდან.
მისი თქმით, ალიევის განცხადებები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.
„აზერბაიჯანმა დაიწყო ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.
კავშირი ნახიჩევანთან და „ზანგეზურის დერეფანი“
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში სადერეფნო დიალოგის ჩამოყალიბების მცდელობა მიმდინარეობს.
„გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ვამბობთ – ერთი წუთით, ეს არის მისწრაფება სრ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, როგორ რეაგირებენ ისინი, ამბობენ, რომ ჩვენ იგივე სიტყვას ვიყენებთ ირანის ტერიტორიაზე გამავალ კომუნიკაციებზე, მათ შორის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შესახებ, რომელიც რუსეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიით ირანში გადის. ჩვენ ვამბობთ: ძალიან კარგად, გვესმის, რომ ახლა აზერბაიჯანი-ნახიჩევანის კავშირის თემა არსებობს, მაგრამ… და ისევ პარალელები ივლება ირანის ტერიტორიით ამ კავშირის უზრუნველყოფის შესახებ, რაც დღესაც არსებობს. ჩვენ ამას ასე ვპასუხობთ: როგორც ირანი უზრუნველყოფს კავშირს ნახიჩევანთან, ჩვენ მზად ვართ იმავე პირობებით, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო გზების ვარიანტებით“, – განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ იყო საჯარო შეთანხმებები, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობა, ისევე როგორც საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი უნდა ეფუძნებოდეს 1991 წ. ალმა ატას დეკლარაციას. ეს საზღვრების დახაზვის შეთანხმებები არ არის.
,,ის, რაც ბაქოში ითქმის, ეწინააღმდეგება ამ ლოგიკასა და შეთანხმებებს“,-აღნიშნა მან.
სრ პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანიდან ამბობენ, რომ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ 2020 წ. 9 ნოემბრის განცხადებაში ასევე უნდა ჩაიწეროს „ზანგეზურის დერეფანი“ და რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს ამ გზების უსაფრთხოება.
„2020 წელს 9 ნოემბრის განცხადებაში არც ერთი მათგანი არ წერია. არსად წერია, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს რაიმე კომუნიკაციის უსაფრთხოება სომხეთის რესპუბლიკის ნებისმიერ ტერიტორიაზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამი წელია აზერბაიჯანი სამმხრივ დეკლარაციაზე მითითებით ავითარებს საუბარს „ზანგეზურის დერეფანზე“. ვინც 9 ნოემბრის განცხადებაში იპოვის ფრაზას „ზანგეზურის დერეფანი“, ფულად ჯილდოს გპირდებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
საზღვრების კორექტირება
სრ პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანთან საზღვრების კორექტირებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც აზერბაიჯანი 4 სოფლის დაბრუნებაზე საუბრობს, სრ აყენებს 32 სოფლის საკითხს, რომელთა სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიები ოკუპირებულია, მათ შორის გეღარქუნიქის რეგიონი.
„ჩვენ ვამბობთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა არსებობდეს. მაშასადამე, როცა აღმოჩნდება, რომ სრ ზოგიერთ ტერიტორიას აკონტროლებს, ხოლო დე იურე ეკუთვნის აზერბაიჯანს, სრ უნდა გამოვიდეს ამ ტერიტორიებიდან, ხოლო ტერიტორიები, რომლებიც დე იურე ეკუთვნის სრ, თუმცა მას აზერბაიჯანი აკონტროლებს, აზერბაიჯანმა უნდა დატოვოს. არის ასეთი პოლიტიკური შეთანხმება, რომლის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია ორმხრივად შეთანხმებული რუკის გარეშე“, – აღნიშნა მან.
როგორ უნდა გადაწყდეს ეს სომხეთის ტერიტორიაა თუ აზერბაიჯანის? ფაშინიანის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, პოლიტიკურად დავეყრდნოთ 1991 წ. ალმა ატას დეკლარაციას, მაგიდაზე დაიდოს დე იურე რუკები, რომლებიც გამოხატავს დეკლარაციის დებულებებს და ადგილზე შეფასდეს რეალობა მათი რუკებთან შედარებით. საპირისპირო ვითარება გამუდმებით გამოიწვევს ესკალაციას, რომელიც ვერ გახდება მშვიდობის საყრდენი.
ანკლავები
არწვაშენის დასახლებასთან დაკავშირებით, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის 30 წელია აზერბაიჯანის კონტროლს ექვემდებარება და სომხური მხარე ამბობს, რომ ის უნდა დაბრუნდეს.
„ერთ-ერთი ვარიანტი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სასაზღვრო ხაზი და მის მიღმა არსებული ანკლავები, ჩვენს შემთხვევაში, ექსკლავი, უნდა დაბრუნდეს სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციის ქვეშ. პრაქტიკაში, უბრალოდ, უნდა გავიგოთ, სად იზღუდება ამ ექსკლავის საზღვარი, ანუ უნდა დავაკონკრეტოთ მისი ფართობი, რუკაზე კოორდინატებით დავაზუსტოთ, რომ პროცესი მოვაწყოთ“, – განაცხადა მან.
რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვასთან დაკავშირებით ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სურს შეუფერხებელი მოძრაობა სომხეთის ტერიტორიაზე.
„ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოძრაობა სრ კანონმდებლობის გვერდის ავლით უნდა მოხდეს“, – განაცხადა მან.
შეთანხმება აზერბაიჯანთან
სრ პრემიერ-მინისტრი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს.
,,სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანი მიაღწევენ კონკრეტულ შეთანხმებებს იარაღთან დაკავშირებით და ექნებათ შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ ერთმანეთს ამ შეთანხმებების შესასრულებლად“, – განაცხადა მან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო იმ საკითხს, რომ აზერბაიჯანი ამბობს, რომ ერთი მხრივ, ჯარის გაძლიერება სურს, მეორე მხრივ, ჩივის, რომ სომხეთი იარაღს ყიდულობს საფრანგეთისგან და ინდოეთისგან.
„ანუ, რა ლოგიკაა? რომ სრ არ უნდა ჰყავდეს ჯარი? თუ ეს ასე აღიქმება, მაშინ სომხეთის არსებობის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ ქვეყანას აქვს ჯარის ყოლის უფლება. ამიტომაც ვამბობთ: დავდოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, რომ ომის შესაძლებლობა არ იყოს. ხანდახან, აზერბაიჯანის წინადადებების გაცნობისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მცდელობაა ჰქონდეს დოკუმენტი, რომლითაც მომავალი ომები უნდა იყოს ლეგიტიმირებული. ეს სცილდება ლოგიკას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მოლაპარაკების პროცესი
მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი, სულ მცირე, აქამდე სხვადასხვა დიპლომატიურ ენაზე საუბრობენ.
„ეს არ უნდა უარვყოთ, რადგან როგორც სრ, ისე აზერბაიჯანში არიან და იქნებიან ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი მშვიდობით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების ლიდერების პოზიციები და მათ მიერ გამოყენებული სიტყვები. მთავარია ის, რაც ისმის უმაღლესი დონიდან, ეს აჩვენებს, თუ რამდენად გულწრფელები ვართ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. დიახ, ბევრი სირთულეები იქნება, მაგრამ საკითხავია, მივდივართ თუ არა ამ სირთულეების გადაჭრის გზით? ყოველ შემთხვევაში მე ამ გზით მივდივარ და იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანის ლიდერიც ამ გზით წავა“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა მზადყოფნა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის. 2022 წლის მარტში ბაქომ ერევანს გადასცა თავისი 5-პუნქტიანი წინადადება ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ. სომხურმა მხარემ შესწორებები დაამატა და თავისი ვერსია გაუგზავნა. მას შემდეგ მხარეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა სხვადასხვა დონეზე.
4 ოქტომბერს სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არსებობს სამი პრინციპი, რომლებზედაც სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.







