
ეროვნულმა ასამბლეამ მეორე მოსმენით და სრულად მიიღო ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატ ჰაიკ სარგსიანის საავტორო პროექტი, რომელიც ეხება 27 წელს მიღწეულ პირებს, რომლებმაც თავი აარიდეს ჯარს. როგორც Armenpress-ი იუწყება, პროექტს მხარი დაუჭირა 61-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ გამოვიდა 27, თავი შეიკავა 6-მა.
პროექტი ითვალისწინებს მოქალაქეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 27 წელი და რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, მიეცეთ შესაძლებლობა გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. პირველი: სამსახური ორი წლის განმავლობაში, მეორე: სამსახური ერთი წლის განმავლობაში და სახელმწიფო ბიუჯეტში 2,5 მილიონი დრამის გადახდა (დაახლოებით 6 ათასი აშშ დოლარი), მესამე: ექვსთვიანი სამსახური და სახელმწიფო ბიუჯეტში 5 მილიონი დრამის (დაახლოებით 12 ათასი აშშ დოლარი) გადახდა, მეოთხე: ერთი თვის განმავლობაში სამსახური და 8 მილიონი დრამის (დაახლოებით 20 ათასი აშშ დოლარი) გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში, მეხუთე: სამხედრო სამსახურის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში 15 მილიონი დრამის (დაახლოებით 37 ათასი აშშ დოლარი) გადახდა.
გარდა ამისა, კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს დაექვემდებარონ მამრობითი სქესის მოქალაქეები, რომლებიც იღებენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას 27 წლის შესრულების შემდეგ. უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარონ შეიარაღებულ ძალებში 12 თვის ვადით, ან სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადონ 2,5 მლნ. დრამი (დაახლოებით 6 ათასი აშშ დოლარი).
მთავრობის პოზიცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არმან სარგსიანმა წარმოადგინა, რომელმაც დეპუტატ ჰაიკ სარგსიანს სთხოვა, თავი შეიკავოს 27 წლის ასაკს მიღწეული და სრ მოქალაქეობის მიმღებთათვის 1 წლის ვადით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ან სახელმწიფო ბიუჯეტში 2,5 მლნ. დრამის (დაახლოებით 6 ათასი აშშ დოლარი) გადახდის ვალდებულების დაწესებისაგან.







