სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინაში – ფაშინიანი

რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს, სომხეთის აღქმა ასეთია, რომ ალმა ატას დეკლარაცია არის საფუძველი იმ რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენსა და მეზობელ რეგიონებში სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უპასუხა კითხვაზე, როგორია სომხეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
„რთული ვითარებაა, ჩვენი პოზიციაც რთულია. ჩვენ ვაღიარებთ ალმა ატას დეკლარაციას, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენთვის. ალმა ატას დეკლარაცია მიიღო საბჭოთა კავშირის 13 რესპუბლიკამ, მათ შორის რუსეთმა და უკრაინამ. სხვათა შორის, ისინი არიან ამის ინიციატორები, რადგან ბელოვეჟსკის შეთანხმებით რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსმა გადაწყვიტეს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და ისინი გახდებიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები და აღიარებენ ერთმანეთის საზღვრებს.
ჩვენი წარმოდგენა უკრაინასთან დაკავშირებით არის ის, რომ ალმა ატას დეკლარაცია არის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველი. ჩვენი ლოგიკით, იგივე უნდა იყოს უკრაინის შემთხვევაშიც, რადგან ეს დეკლარაცია ყველას გვეხება. და თუ ჩვენ მას გავანადგურებთ, მაშინ ვანადგურებთ ყველაფერს.
მე დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. ამის შესახებ პირველად ორი წლის წინ ვისაუბრე და ძალიან ვწუხვართ, რომ ამ სიტუაციაზე რაიმე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. უკრაინის ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია“, – დაასკვნა ფაშინიანმა.







