პოლიტიკა

რასმუსენი სომხეთის მთავრობის პოლიტიკას თამამს უწოდებს

დანიის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დარწმუნებულია, რომ სომხეთი არის დემოკრატია წარმოუდგენლად რთული გეოპოლიტიკური სამეზობლოთი და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო თამამი გადაწყვეტილება, შეეცადოს სომხეთის ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია და სვლა დასავლეთისკენ .

ამის შესახებ რასმუსენმა განაცხადა მისი ხელმძღვანელობით მაღალი დონის ჯგუფის „სომხეთის მეგობრების ქსელის“ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

„მსოფლიოს დემოკრატიულმა ქვეყნებმა და განსაკუთრებით ევროკავშირმა, სომხეთს ამ მიმართულებით მხარდაჭერა უნდა გაუწიონ“, – აღნიშნა მან.

მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„ეს მხარდაჭერა უფრო აქტუალური გახდა 2023 წელს მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაზე აზერბაიჯანის თავდასხმის და აზერბაიჯანული ძალების მიერ წარმოქმნილი მუდმივი საფრთხის შემდეგ.

რუსეთის უკანონო შეჭრამ უკრაინაში აჩვენა, რომ ევროკავშირმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს მის უშუალო სამეზობლოში არსებული დემოკრატიების დასაცავად“, – განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენმა გამოთქვა რწმენა, რომ ევროპას აქვს შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს სტაბილურ დემოკრატიას და გრძელვადიან მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში.

„დღევანდელი ანგარიში ასახავს ხელშესახებ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება და უნდა გადაიდგას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს სომხეთის გაწევრიანებას ევროკავშირში“, – დაასკვნა რასმუსენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button