სომხეთის დღის წესრიგში ამ დროისთვის ნატოში გაწევრიანების საკითხი არ დგას. მირზოიანი

ამ დროისთვის სომხეთის დღის წესრიგში ნატოში გაწევრიანების საკითხი არ დგას. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა არგენტინულ ტელევიზიას “Todos Noticias”-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა სომხეთი ნატოსთან დაახლოებას, არარატ მირზოიანმა უპასუხა: „ჩვენ უკვე გვაქვს თანამშრომლობა ნატოსთან, ვმონაწილეობთ სამშვიდობო ოპერაციებში, ვიყავით ავღანეთში, ცოტა ხნის წინ გავზარდეთ ჩვენი სამშვიდობოების რაოდენობა კოსოვოში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ფორმატი. თუ ნატოში გაწევრიანების განცხადებას ან მისწრაფებებს გულისხმობთ, არა, სომხეთის დღის წესრიგში ამ დროისთვის მსგავსი საკითხი არ დგას“.
ევროკავშირთან თანამშრომლობაზე საუბრისას სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის მოქალაქეებს, სომხეთის ხალხს ევროპული მისწრაფებები აქვთ. ამ კონტექსტში, მირზოიანმა გაიხსენა სრ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადება ევროპარლამენტში, რომ სომხეთი მზადაა იყოს ევროკავშირთან მაქსიმალურად ახლოს, როგორც ამას ევროკავშირი მიიჩნევს.







