საერთაშორისო

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს წინადადება“ – სენატორები “რუსულ კანონზე”

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენელი, სენატორი ჯიმ რიში და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მედია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ სენატორებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც საქართველოს მთავრობამ ხელახლა დაარეგისტრირა “რუსული სტილის კანონი უცხოელ აგენტებზე”.

“წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაბრუნება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ყოფს ქვეყანას. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს.

ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის მომავალს ევროკავშირში.

ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს წინადადება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button