საერთაშორისო

ელენე ხოშტარია – „ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კედელი ამოაშენოს – ჩვენი პასუხისმგებლობაა დღეს მოქმედება

„ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ დარეგისტრირებით ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, მორიგ ჯერზე ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ანტიევროპული ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ, როგორც INTERPRENEWSS-ი წერს, პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ  განაცხადა.

ხოშტარიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კედელი ამოაშენოს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინტერესების და საზოგადოების წინააღმდეგ მიდის. თუმცა ჩვენ გვინახავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც „ქართული ოცნება“ უპირისპირდება ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის სრული უმრავლესობის, ძალიან მტკიცე ნებას, ისტორიულ ამოცანას, რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ და თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ, ის სრული კრახით მარცხდება და ასე იქნება ამჯერადაც. ჩვენ ვნახეთ, აბსოლუტური კონსენსუსი ჩვენი პარტნიორების, მეგობრების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო ევროპული, თავისუფალი ოჯახის წევრი გახდეს. შეფასება არის ცალსახა, ეს არის ანტიქართული, ანტიევროპული გადაწყვეტილება. „გირჩი-დროას“ სახელით მინდა გამოვხატო მტკიცე ნება და აბსოლუტური გააზრება, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა დღეს მოქმედება. მოქმედება ერთად, საზოგადოებასთან ერთად, ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, რომელიც საქართველოს ევროპულ და თავისუფალ მომავალს არ დათმობს.

მინდა დავარწმუნო ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად კამათისა, რომელიც ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს, დღეს პოლიტიკური პარტიები ერთად ვდგავართ, ვიდგებით ერთად და ამის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლებთ. ეს ერთიანობა არის გადამწყვეტი, ამ რუსული გადაწყვეტილების უკან წასაღებად. მინდა ხაზი გავუსვა, რომ იმ ღირსეული პასუხის სიმბოლო, რომელიც საქართველოს არაერთხელ გაუცია, მათ შორის შარშან მარტში „ქართული ოცნების“ ანტიქართული, ანტიევროპული მოქმედებებისთვის, დღეს არის ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ციხეში, ვერც ზეწოლით, ვერც პროპაგანდით, სიბინძურით, ვერც ტყუილით ვერ გატეხეს და ის დღეს რჩება შეუპოვარი, მებრძოლი, გაუტეხელი, პრინციპული მოქალაქე, თავისუფალი ახალგაზრდა, რომელიც ასევე, თავისი პრინციპულობით ეხმარება ამ საერთო ბრძოლას“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button