
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო საფრანგეთის დელეგაცია ბუშ დი რონის დეპარტამენტის საბჭოს თავმჯდომარის მარტინ ვასალის ხელმძღვანელობით.
როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ირკვევა, ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა ფრანგული დელეგაციის ვიზიტს სომხეთში და მაღალი შეფასება მისცა პირადად ქალბატონ ვასალის წვლილს სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებაში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი სუნთქვა შეინიშნება და ამაში წვლილი შეაქვს საფრანგეთის იმ რეგიონებსაც, რომლებიც ძლიერ კავშირებს ინარჩუნებენ სომხეთის რეგიონებთან. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მნიშვნელობა დაუთმო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა მთავრობებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.
მარტინ ვასალმა ისაუბრა სომხეთთან თანამშრომლობაზე ეკონომიკურ, ჯანდაცვის, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მათი გაფართოების შესაძლებლობებსა და ნაბიჯებს. კერძოდ, ბუშ დი რონის დეპარტამენტის საბჭოს თავმჯდომარემ აცნობა, რომ დღეს საფრანგეთიდან სომხეთში ჩამოვა სხვადასხვა სფეროში მოქმედი 30 კომპანიის წარმომადგენელი, რომლებიც სომეხ პარტნიორებთან ერთად განიხილავენ საინვესტიციო პროგრამების განხორციელების და ვაჭრობისა და ეკონომიკური გაფართოების შესაძლებლობებს. ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში მარსელში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „თუმო “ გაიხსნება.
თანამოსაუბრეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სომხეთისა და საფრანგეთის ქალაქებს შორის თანამშრომლობას, ორმხრივი ტურისტული ვიზიტების ხელშეწყობას.
საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა ჰუმანიტარულ პრობლემებს და მათ გადაჭრის ნაბიჯებს. ამასთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას.







