პოლიტიკა

“ივანიშვილმა დააანონსა სუფთა რუსული გზა საქართველოსთვის” – ლევან ცუცქირიძე

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე ეხმაურება “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და თვლის, რომ ივანიშვილი საქართველოსთვის რუსულ გზას აანონსებს. ცნობას „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს.

“ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა რუსული, სუფთა რუსული გზა საქართველოსთვის: ანტიდემოკრატიული, დახურული და იზოლირებული, შიშით მართული საზოგადოების ხედვა.

გავიგე, რაც თქვა და ისიც ნათელია, რომ ოცნებას ფეხებზე კიდია ხალხის აზრი. ჰოდა, იარონ მაგათ ივანიშვილის ლეგიტიმაციით და მისი სიმართლით. ჩვენ ვივლით ჩვენი სიმართლით, ჩვენი თანამოქალაქეების ლეგიტიმაციით და მათი მხარდაჭერით, როგორც თანასწორთა ერთობა საერთო ბრძოლაში.

მაგრამ ესეც ვთქვათ: რასაც ოცნება აკეთებს ახლა: რაოდენობით, შემადგენლობით და გამოსვლების ხარისხით, არის მათი მაქსიმუმი. მთელი პარტიული და ადმინისტრაციული რესურსი დააყენეს ერთი ქალაქის გამზირზე და თავის გამოსვლებში ყველა უსინდისობა იკადრეს. მთელი მათი ინტელექტიც იმ სცენაზე ეტევა. […] ჩვენ რა, ჩვენ ჯერ ვხურდებით”, – წერს ცუცქირიძე.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“  დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო.

“ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც საქართველოს ჩართვას ცდილობს ომში.

ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით.


თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ შეკრება გაიმართა, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.

“ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად. სინამდვილეში, ყველას, ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.

ნახეთ მეტი
Back to top button