ჯიმ კოსტამ განაცხადა, რომ აშშ-ს არ გამოუყენებია ის ბერკეტები, რაც ჰქონდა აზერბაიჯანზე ამ ქვეყნის გასაკიცხი ქმედებებისას

ამერიკელმა კონგრესმენმა ჯიმ კოსტამ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გამოიყენა ის ბერკეტები, რაც ჰქონდა აზერბაიჯანზე, როდესაც აზერბაიჯანმა სომხეთთან მრავალი შეთანხმება დაარღვია.
როგორც “ARMENPRESS”-ი იუწყება, ამის შესახებ ჯიმ კოსტამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განუცხადა.
„არა მგონია, რომ ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი ბერკეტი აზერბაიჯანზე, როდესაც მათ დაარღვიეს ბევრი შეთანხმება სომხეთთან. ვგულისხმობ თავდაცვის შეთანხმებას, რომელიც მათთან გვაქვს. მიმაჩნია, რომ ის, რაც აზერბაიჯანმა ჩაიდინა, გასაკიცხია“, – განაცხადა კოსტამ.
კონგრესმენმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე. მან აღნიშნა, რომ ის, რაც აზერბაიჯანმა გაუკეთა მთიანი ყარაბაღის ძირძველ სომხებს, ზნეობის ყველა ცნებას სცილდება.







