
როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი ერთმანეთის კონსტიტუციებს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების დაბრკოლებად მიიჩნევენ, თუმცა მათში ცვლილებების შეტანის საკითხი ორი ქვეყნის მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ შედის.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სესიაზე „სომხეთის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა. „აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც გამოთქვეს პოზიცია, რომლის მიხედვითაც თითოეული მეორეს კონსტიტუციაში მნიშვნელოვან პრობლემებსა და დაბრკოლებებს ხედავს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, სომხეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების საგანი ან დღის წესრიგის ნაწილი, ასეთი რამ არ არსებობს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის კონსტიტუციები არ შეიძლება იყოს სამართლებრივი პრობლემა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის.
„ჩვენს ან მათ კონსტიტუციაში ცვლილებები არ არის სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დღის წესრიგის ნაწილი“, – გაიმეორა მირზოიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა შეახსენა, რომ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე სომხეთის მთავრობა 2018 წლიდან საუბრობს. ეს სომხეთის საქმეა, ეს შიდა გადასაწყვეტია.







