აზერბაიჯანს ჯერ პასუხი არ გაუცია სომხეთის წინადადებაზე ორმხრივი გამოძიების მექანიზმის შექმნის შესახებ

სომხეთი შეშფოთებულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციით, რომ სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არღვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.
„სომხეთი შეშფოთებულია მსგავსი ცნობებით, რადგან ცხადია, რომ სომხური მხრიდან ესკალაციის არანაირი ნაბიჯი არ ყოფილა და არც გასროლას ჰქონია ადგილი. ჩვენ ვწუხვართ, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენ საჯაროდ შევთავაზეთ აზერბაიჯანს უწყებებს შორის ერთობლივი გამოძიების მექანიზმის შექმნა. ეს შეიძლება იყოს საგამოძიებო ან სხვა ორგანო, რომელიც გამოიძიებს საქმეებს და მივა საბოლოო დასკვნამდე, ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოებასაც გვექნება სანდო მონაცემები, გვეცოდინება მოხდა თუ არა ასეთი შემთხვევები“, – განაცხადა გრიგორიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი დარწმუნებულია, რომ ასეთი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ თუ აზერბაიჯანული მხარე დაჟინებით მოითხოვს, მაშინ სომხური მხარე მზად არის გამოიძიოს მსგავსი საკითხები.
კითხვაზე, უპასუხა თუ არა აზერბაიჯანმა სომხეთის შეთავაზებას, გრიგორიანმა უპასუხა, რომ არა, პასუხი ჯერ არ ყოფილა.
ასევე კითხვაზე, არ ეწინააღმდეგება თუ არა ეს წინადადება სომხეთში დისლოცირებულ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, გრიგორიანმა დაარწმუნა, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში იმყოფება სომხეთის მოწვევით, მათ არ აქვთ გამოძიების უფლებამოსილება, მონიტორინგს ახორციელებენ და აკეთებენ საჯარო განცხადებებს, მოხსენებებს ან ავრცელებენ ინფორმაციას სხვა გზით. ორმხრივი გამოძიების მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, განსხვავებულია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთნდობის თვალსაზრისით“, – დაასკვნა გრიგორიანმა.







