სომხეთის პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ინდოეთისთვის სომხეთის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მდებარეობს ევროპასა და აღმოსავლეთს შორის, ამიტომ ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ასეთი პოზიცია ინდოეთში ჩასულ ევრაზიის ქვეყნებიდან ჟურნალისტთა ჯგუფთან შეხვედრისას გამოთქვა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა.
„უამრავი შესაძლებლობა არსებობს ორმხრივად მომგებიანი კავშირების განსავითარებლად მთელ რიგ სფეროებში: ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და სხვა. ასე რომ, აქ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, – განაცხადა ჯაიშანკარმა სომხეთ-ინდოეთის ურთიერთობებზე საუბრისას.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ლოგისტიკური მეგაპროექტების განხორციელების საკითხზე, რომელიც ბოლო დროს მრავალი ქვეყნის განხილვის თემა გახდა.
„ბოლო ათწლეულებში ბევრი ცვლილება განხორციელდა, რის შედეგადაც ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფნების გახსნის შესაძლებლობა გაჩნდა. ბევრია საუბარი ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო მარშრუტზე, რომლის ბირთვშიც ჩაბაჰარის პორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი სახელმწიფოსთვის. ალტერნატიულ მარშრუტად ასევე განიხილება ცენტრალური აზიის დერეფანი. ასევე იქნება სხვა ალტერნატივები, რადგან ყველა წინა დერეფანი შეიქმნა რვა-ცხრა ათეული წლის წინ და მათი რესურსები და შესაძლებლობები ამოწურულია“, – განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.







