თურქმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი “რუხი მგლების” ჟესტით აღნიშნა. სოციალურ ქსელებში მის დისკვალიფიკაციას ითხოვენ

თურქეთის საფეხბურთო ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მერიჰ დემირალმა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ავსტრიასთან მატჩის დროს გატანილი გოლის აღნიშვნისას ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის “რუხი მგლების” ჟესტი გამოავლინა. “არმენპრესის” ინფორმაციით, სხვადასხვა ორგანიზაციები და მომხმარებლები სოციალურ ქსელებში ფეხბურთელის ექსპერტიზას და დისკვალიფიკაციას ითხოვენ.
„თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი მერიჰ დემირალი ევრო-2024-ის ბოლომდე უნდა იყოს დისკვალიფიცირებული იმ ფაშისტური და რასისტული ნიშნის გამო, რომელიც მან გოლის აღნიშვნისას აჩვენა“, – წერს „ქურთისტანის ამერიკელი მეგობრები“ ორგანიზაციის თანადამფუძნებელი დილიმან აბდულკადერი.
გერმანული ტელეკომპანია „WELT“ მომხდარს ცალკე სტატიაში სათაურით „დემირალი ექსტრემისტული მგლის სალამით აღნიშნავს თურქეთის გოლს ევროპის ჩემპიონატზე“ და აღნიშნა, რომ ამ ჟესტმა თამაშს უკიდურესად ნაციონალისტური ელფერი შესძინა.
გერმანელი ჟურნალისტი ტობიას ჰუჩი “რუხი მგლების” მისალმებას ნაცისტურ გერმანიაში “ჰიტლერის სალამს” ადარებს.
„გოლის ავტორმა მერიჰ დემირალმა სტადიონზე „რუხი მგლების“ ფაშისტური სალამი გაკეთა. ის თურქებს „უმაღლეს რასად“ თვლის, რომელმაც უნდა გაანადგუროს ყველა „დაბალი რასა“ (ქურთები, ებრაელები, ქრისტიანები, სომხები, იეზიდები და სხვ.). ეს შეიძლება შევადაროთ ჰიტლერისადმი გერმანულ მისალმებას, რადგან „რუხი მგლები“ ასევე ადოლფ ჰიტლერს რასიზმისა და განადგურების იდეოლოგიის ერთ-ერთ მოდელად თვლიან. ამ ყველაფერმა უნდა გამოიწვიოს დემირალის ევრო-2024-ში მონაწილეობის აკრძალვა“, – წერს გერმანელი ჟურნალისტი X მიკრობლოგში.
შვედი მწერალი და ჟურნალისტი რასმუს კანბაკი ასევე თვლის, რომ უეფამ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა მიიღოს ამ უკიდურესად რასისტული ჟესტის გამო.
თემას აშშ-ის სომხური კომიტეტიც შეეხო. „თურქეთის ცენტრალურმა მცველმა მერიჰ დემირალმა ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიის კარში გატანილი გოლი ფაშისტური „რუხი მგლების“ სალამით აღნიშნა. რასისტული ჟესტი, რომელიც გამოხატავს შხამიან სიძულვილს და გენოციდს ქრისტიანებისა და ქურთების მიმართ. დემირალს სამუდამოდ უნდა აეკრძალოს ყველა საერთაშორისო თამაშში მონაწილეობა“, – ნათქვამია Hay Dat-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.







