სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით სომხურ-ქართული თანამშრომლობა ახალ დონეზე ავიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს განსაკუთრებული მეგობრობა და მეზობლობა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და დარწმუნებული ვარ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ახალ მუხტს შემატებს ჩვენს ურთიერთობებს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით სომხურ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეს მიაღწია. „აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდა, ახალი ეტაპი არის გარდამტეხი მომენტი ჩვენს მრავალმხრივ თანამშრომლობაში. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ჩემს კოლეგას გაეროს რეზოლუციის ისტორიული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. ქართველმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე რეგიონული პროცესები. „საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ინტენსიურ მრავალმხრივ თანამშრომლობაზე. სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, ტურისტული კუთხით კი პირველ სამეულში. ამ საკითხებზე ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ გამოწვევების დაძლევის პროცესში. „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაარსებობას“, – განაცხადა მან. დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს. „ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ წვლილის შეტანა კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაში და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ჩვენი მეზობლების საჭიროებებისა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანად მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყების შესახებ. იმედი მაქვს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.







