პოლიტიკა

კარპენტერი: საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

Netgazeti.ge წერს, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის თქმით, აშშ-ში საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.

ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს საქართველოში, ეს არ არის თავსებადი ღირებულებებთან, რაც უდევს საფუძვლად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ვიქნები გულახდილი და ეს არც ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის, ევროკავშირში სწრაფვასთან არის თავსებადი“, — ამბობს კარპენტერი რაუფოღლუს ცნობით.

კარპენტერი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

„ნათელია, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად. გულახდილად ვამბობ, შეშფოთების საგანია და სევდის მომგვრელი, როცა ვხედავთ გზიდან ასეთ გადახვევას. იმედს ვინარჩუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიულ სვლას შეცვლის“, — ამბობს კარპენტერი.

ნახეთ მეტი
Back to top button