
რუსეთ-საქართველოს საზღვრის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი შეიძლება შევიდეს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მარშრუტში. TASS-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ.
„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირთან ერთად „ზემო ლარსის“ საგუშაგოს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მარშრუტში ჩართვის შესაძლებლობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირმა ვლადიკავკაზში გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც ლოჯისტიკოსებმა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანში „ზემო ლარსის“ ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე შოხინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტვირთების გადაზიდვის სახმელეთო ფილიალი „ზემო ლარსის“ გავლით იდეალურად მოერგება ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანს და იქნება არა მხოლოდ გვერდითი განშტოება, არამედ კიდევ ერთი სრულფასოვანი მაგისტრალი.
„სანქციების პირობებში რუსეთს პრობლემები აქვს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენებაში. ჩრდილოეთ-სამხრეთი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება არსებულ პირობებში. რუსეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს მის გაფართოებაზე და ახალი სფეროების ჩართვაზე“, – აღნიშნა მენიაილომ.
ჩრდილოეთ-სამხრეთის ექსპორტ-იმპორტის ტრანსპორტი არის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი რუსეთისთვის ირანთან კომუნიკაციაში, რომელიც უზრუნველყოფს სატრანზიტო მარშრუტს ინდოეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და სამხრეთ აზიასთან. იგი მოიცავს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო/მდინარის მარშრუტებს. მთლიანი სიგრძე 7200 კილომეტრია სანქტ-პეტერბურგიდან, უდიდესი პორტიდან ჩრდილოეთ რუსეთში, მუმბაიმდე, ინდოეთის უდიდეს პორტამდე.
„ზემო ლარსი“ არის ერთადერთი აქტიური სახმელეთო საზღვარი, რომელიც აკავშირებს რუსეთს საქართველოსთან, სომხეთთან და საზღვარგარეთის ახლო და შორეულ სხვა ქვეყნებთან.







