ანალიტიკა

დასავლეთი საქართველოს არ მოიშორებს, არამედ გააგრძელებს მასთან მუშაობას. საქართველოს საკითხებში ექსპერტი უკანასკნელი რეგიონული მოვლენების შესახებ

დღეს საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობაში კრიზისია. საქართველოში სულ მალე საერთო სახელმწიფო არჩევნები გაიმართება, ამიტომ დასავლეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა მიმართული იყოს ქართველ ამომრჩეველში არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების ტალღის გაჩენისკენ, რათა ხალხმა ხმა არ მისცეს დღევანდელ ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკითაც დასავლეთში რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილოები არიან.

Armenpress -თან საუბარში ეს მოსაზრება გამოთქვა საქართველოს საკითხებში ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა, რომელიც შეეხო საქართველოსა და დასავლეთს შორის დღითიდღე გაუარესებულ ურთიერთობებს და ამ კონტექსტში, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ზრახვები ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია, შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია.

„საქართველოს, რომელმაც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უნდა შეესრულებინა 9-პუნქტიანი წინაპირობა, რათა დაწყებულიყო უკვე აღნიშნულ სტრუქტურაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. დასავლეთის უკმაყოფილება სწორედ ამ პროცესს უკავშირდება, რადგან ერთ-ერთი აღნიშნული ნაბიჯი იყო ის, რომ საქართველოს თავისი პოლიტიკა  შესაბამისობაში უნდა მოეყვანა ბრიუსელის მიდგომებთან, მაგრამ უკრაინული კრიზისის ფონზე გამოხატულმა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სიფრთხილემ და პრაგმატიზმმა, ასევე გარკვეული ფინანსური ნაკადების შესახებ დასავლელი პარტნიორებისკენ და დონორი ორგანიზაციებისადმი მიმართულმა კრიტიკამ, რომელსაც დასავლეთში საკმაოდ მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა, გამოიწვია ურთიერთობების გამწვავება და გაუარესება“, – განაცხადა მელიქიანმა.

საქართველოს საკითხებში ექსპერტის თქმით, მეზობელ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სტატუს-კვო, რა შემთხვევაშიც ერთის მხრივ კრიზისია ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობაში და მეორე მხრივ, ყველა დაელოდება ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვას, რომლის შედეგებზე  იქნება დამოკიდებული შემდგომი განვითარება.

„გასაგებია, რომ ყველა შემთხვევაში არის პოსტსაარჩევნო პროცესები და საპროტესტო აქციები. მნიშვნელოვანია, რა დამოკიდებულებას გამოიჩენს ქართული ოპოზიცია და დასავლური ქვეყნები. თუ ევროკავშირი და აშშ არ აღიარებენ შედეგებს, მხარს დაუჭერენ ოპოზიციას, მაშინაც კი, თუ მოქმედი ხელისუფლება ხელახლა აირჩევა და პროტესტები შედეგს არ მოიტანს, მაინც დაიწყება დეესკალაციის პერიოდი და საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად დარჩება. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, თუ როგორი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება შეერთებულ შტატებში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. „საქართველოს მთავრობამ შეიძლება უფრო ადვილი კომუნიკაცია დაამყაროს რესპუბლიკელებთან, რათა აღადგინოს გარკვეულწილად დაზიანებული ურთიერთობები, მაგრამ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში ეს უფრო გართულდება და ამ შემთხვევაში პროცესები შეიძლება განვითარდეს სხვაგვარად, გარე გავლენის ქვეშ“,- აღნიშნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

მელიქიანმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში მოახლოებული ვიზიტის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე,  რომელშიც ნათქვამია, რომ უზრა ზეია საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას უცხოელი აგენტების კანონთან, არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს ხელისუფლების მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით, რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია, საქართველოს მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და აშშ-ს შესახებ დეზინფორმაციამ დააზიანა ხანგრძლივი ორმხრივი ურთიერთობები.

„ყველა განვითარებული მოვლენების საფუძველში, საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება აღიქმება მთავარ მოტივად, მაგრამ პრობლემას უფრო გლობალური ხასიათი აქვს. თბილისი ჩივის დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ფინანსური ნაკადების მიმართულებაზე, რომლებიც დაკავშირებულია მათ მოსარგებლე ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას ზემოაღნიშნული კანონით ცდილობს. ამასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უზრა ზეიამ, რაც ამ შემთხვევაში არის საქართველოს არჩევნებამდე მოქმედი რეჟიმის პოზიციების გამკაცრების მცდელობა. თბილისი-ბრიუსელისა და თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობების ლოგიკა არა მხოლოდ ერთსა და იმავე ღირებულების სისტემაზეა დაფუძნებული, არამედ რეალურ პოლიტიკასა და გლობალურ მოვლენებზე“, – განაცხადა მელიქიანმა.

მისი აზრით, ბრიუსელსა და ვაშინგტონს არ აქვთ ისეთი ფუფუნება, რომ საქართველოს მიმართ ისეთი პოლიტიკა გაატარონ, როგორც ადრე ბელარუსის მიმართ, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი რუსეთს დაუახლოვდა. მელიქიანის აზრით, ლოგიკა სხვაგვარად უნდა მუშაობდეს. იმისდა მიუხედავად, თუ რა ადმინისტრაცია შეიქმნება აშშ-ში და რა კომისია შეიქმნება ევროკავშირის საბჭოში, ურთიერთობების აღდგენის პროცესში, შესაძლოა, საკამათო კანონთან დაკავშირებით გარკვეული განმარტებები იყოს, შესაძლოა ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტები იყოს ჩართული, რაც პოლიტიკურ საზოგადოებას და მასმედიას უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს.

„მაგრამ არ მგონია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში  უცხოელი აგენტების შესახებ კანონი გაუქმდეს. სხვა საქმეა, თუ ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს სააკაშვილის თანაგუნდელების მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ერთეული. ამ შემთხვევაში მოცემული კანონი აუცილებლად გაუქმდება“, – განაცხადა საქართველოს საკითხებში ექსპერტმა.

მელიქიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს მომავალში განვითარებული სხვადასხვა  მოვლენები სომხეთზე. მისი აზრით, თუ ახალი ხელისუფლება ანტირუსულ პოლიტიკას განახორციელებს, ამას მოსკოვის წინააღმდეგობა მოჰყვება, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, რადგან ლარსის გამშვები პუნქტის გამართული მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სომხეთის ეკონომიკისთვის. სომხეთის მთავრობა თავის მხრივ ცდილობს ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკის გატარებას, მაგრამ რეალური შედეგების მიღწევამდე ყურადღება უნდა მიექცეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, რადგან ჩვენ უკიდურესად ვართ დამოკიდებული ამ მიწოდების ჯაჭვზე.

„საქართველოსა და დასავლეთს შორის ცუდ ურთიერთობას შეიძლება ჩვენზეც ცუდი შედეგები მოჰყვეს, რადგან ზღვაზე წვდომის გარეშე, იზოლირებულები ვერ დავრჩებით. სომხეთი და საქართველო ხომ ერთმანეთს უჭერენ მხარს, ცდილობენ მხარი დაუჭირონ ერთმანეთს ევროინტეგრაციის ფარგლებში და ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით ჩნდება ეკონომიკური დივერსიფიკაციის შესაძლებლობები, ამიტომ ორივე შემთხვევაში და ორივე მიმართულებით საქართველომ უნდა გაატაროს დაბალანსებული და სტაბილური პოლიტიკა, რაც მან გააკეთა წინა ორ წელიწადში“, – განმარტა მელიქიანმა.

მისი თქმით, დასავლეთის მათრახის პოლიტიკა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას არ აშინებს, თუმცა ოფიციალური თბილისი აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორების განცხადებები მტკივნეულია და აცნობიერებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთისთვის მოსახერხებელი არ არის, ვინაიდან ისინი არ ძაბავენ რუსეთთან ურთიერთობას. მელიქიანის თქმით, გეოპოლიტიკაში დგება მომენტი, როდესაც პარტნიორებს შეუძლიათ მეტის მოლოდინი, ვიდრე მათ შეუძლიათ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მისი აზრით, შექმნილ რთულ ვითარებაშიც კი დაფიქსირდება გარდამტეხი მომენტი, როდესაც გეოპოლიტიკურ ვექტორებს უფრო დიდი მნიშვნელობა ექნებათ, ვიდრე მოსახერხებელ ან მოუხერხებელ მომენტს, ამიტომ დასავლეთი არ განდევნის მისგან საქართველოს, არამედ განაგრძობს მასთან მუშაობას. საპირისპირო შემთხვევაში, ამით ისარგებლებენ  და ხარვეზს შეავსებენ კონკურენტები – რუსეთი, ჩინეთი და სხვები, მით უმეტეს, რომ სამხრეთ კავკასიაში უკვე ჩამოყალიბდა მრავალფენიანი გავლენის არენა.

მანველ მარგარიანი

ნახეთ მეტი
Back to top button