ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას

ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა თეირან თაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში „ჩემი გზავნილი ახალი სამყაროსთვის“ უარყო შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ბრალდებები, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის შექმნას.
„არმენპრესის“ ცნობით, ირანის პრეზიდენტმა აშშ-ს მოუწოდა ამ ფაქტის გათვალისწინებისკენ საკუთარი პოლიტიკის შემუშავებისას.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირანის თავდაცვის დოქტრინა არ შეიცავს ბირთვულ იარაღს. მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, ისწავლოს წარსულის შეცდომებზე და შესაბამისად შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა“, – განაცხადა მასუდ ფეზეშკიანმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სწორედ შეერთებული შტატები გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი სამოქმედო გეგმიდან (JCPOA) და დააწესა ექსტრატერიტორიული ცალმხრივი სანქციები, რამაც, მასუდ ფეზეშკიანის თქმით, ასობით მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა ირანის ეკონომიკას.
„შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს რეალობა და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ირანი არ პასუხობს და არ უპასუხებს ზეწოლას“, – ხაზგასმით აღნიშნა ფეზეშკიანმა.







