გვპირდებიან, რომ ზაფხულის ბოლო ლუდით იქნება სავსე – „ლუდის დღეები“ ერევანში

23, 24, 25 აგვისტოს ერევანში, ზაკიანის ქუჩაზე ფესტივალი „ლუდის დღეები“ გაიმართება. ფესტივალზე მოსალოდნელია 10-ზე მეტი თამაში, ათობით სახეობის ლუდი, უგემრიელესი საჭმელები, ხარისხიანი მუსიკა, 3000 საჩუქარი, კონკურსი და, რა თქმა უნდა, გათამაშება. ცნობას style.news.am აქვეყნებს
“ლუდის დღეების” ფესტივალის მიზანია წარმოაჩინოს ხარშვის ტრადიციები, გააცნოს სომხეთი მსოფლიოს, როგორც ლუდის კულტურის მატარებელი და დღეს ლუდის წარმოებაში წამყვანი ქვეყანა, ხელი შეუწყოს ივენთ-ტურიზმის განვითარებას და, რა თქმა უნდა, უზრუნველყოს მონაწილეთა მაღალი განწყობა თბილი და სასიამოვნო გარემოს შექმნით.

ფესტივალის სლოგანია „მე არ მითქვამს, ქსენოფონტემ თქვა“, რომელიც მინიშნებაა ქსენოფონტეს ნაშრომზე „ანაბასისი“ და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სომხეთში ლუდის წარმოების ათასწლოვან ისტორიას.
ღონისძიება წელს უკვე მესამედ იმართება. ის მიზნად ისახავს გაიმეოროს ფესტივალის “ერევნის ღვინის დღეების” წარმატება.

ფესტივალი დაყოფილი იქნება 6 მთავარ ზონად.
• ლუდისა და კვების ზონა
• თამაშის ზონა
• მუსიკალური ზონა
• საბავშვო ზონა
• დასასვენებელი ადგილი
• საკონკურსო ზონა
ფესტივალის ერთ-ერთი საყვარელი ზონაა სათამაშო ზონა, სადაც პარტნიორები და მონაწილეები 3000 საჩუქარს გაითამაშებენ.







