საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღინიშნა

2024 წლის 18 აგვისტოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღნიშნა. იგი სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან მეოთხე და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს შორის უძველესია. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიით და ყურძნის კურთხევის რიტუალით აღინიშნა. ცნობას აქვეყნებს armenianchurch.ge
თბილისში, სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ თბილისის სომეხი საზოგადოების წარმომადგენლები, ინტელიგენცია, სტრუქტურათა ხელმძღვანელები, მორწმუნეები და ტურისტები.







