მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირმა დაგმო აზერბაიჯანში რეპრესიები

ევროკავშირმა მოუწოდა აზერბაიჯანს პატივი სცეს გამოჩენილი მეცნიერის უფლებებს, რომელიც დააპატიმრეს მთავრობის საჯარო კრიტიკის შემდეგ, დაპატიმრებების ტალღის ფონზე, რომელმაც ჟურნალისტები და აკადემიკოსები გისოსებს მიღმა დააყენეს.

Politico-სთან საუბარში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია ახალგაზრდა აკადემიკოს ბაჰრუზ სამედოვის საქმით, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მომხრეა.

აზერბაიჯანი ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან და 2022 წელს ხელი მოაწერა შეთანხმებას ბუნებრივი გაზის ექსპორტის გაზრდის შესახებ, რათა დაეხმაროს გაერთიანებას შეამციროს დამოკიდებულება რუსეთზე. წელს ბაქო უმასპინძლებს COP29-ს, რომელიც, როგორც აზერბაიჯანმა განაცხადა, სურს გადააქციოს „მშვიდობის კონფერენციად“.

სამედოვი ბაქოს სასამართლოში „ღალატის“ ბრალდებით წარდგა. მას შესაძლოა სამუდამო პატიმრობა დაემუქროს. მან განაცხადა, რომ ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობის გამო შიმშილობის დაწყებას აპირებს.

„მისი საქმე ავსებს გასული წლის ბოლოდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაპატიმრებების საგანგაშო და მზარდ რაოდენობას“, – განაცხადა სტანომ.

„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას აზერბაიჯანისადმი, გაათავისუფლოს ყველა ის, ვინც დააკავეს მათი ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციისთვის. ამავდროულად, მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, უზრუნველყოს გამჭვირვალობა და სათანადო პროცესი, ასევე ღირსეული და უსაფრთხო პირობები ყველა დაკავებულისთვის, მათ შორის ჯანდაცვისა და დამოუკიდებელი იურიდიული სერვისების სრული ხელმისაწვდომობის ჩათვლით“, – დასძინა მან.

სამედოვის ოჯახმა განაცხადა, რომ ის დააკავეს, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა ოთხშაბათს მათი სახლი  დაარბიეს. 28 წლის ახალგაზრდა აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებას აკრიტიკებდა და მეზობელი სომხეთის აქტივისტებთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა.

Freedom House-მა გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანს არ გააჩნია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ბოლო თვეების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ათობით ფიგურას წინააღმდეგობრივი ბრალდებები წაუყენეს.

ნახეთ მეტი
Back to top button