
23 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა, იტყობინება კრემლი და პრემიერ-მინისტრის აპარატი.
რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს გასულ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტის შთაბეჭდილებები გააცნო, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს. ეს არის ერევნის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
მოსკოვის ტექსტი უფრო ვრცელია. „გაგრძელდა დისკუსია სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოწესრიგების თაობაზე, მათ შორის ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების გათვალისწინებით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბაქოში ვიზიტის დროს. დადასტურდა რუსული მხარის მზადყოფნა გააგრძელოს სომხეთისა და აზერბაიჯანის დახმარება სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებაში, საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესის წინსვლაში, ასევე სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განბლოკვაში. ორმხრივ დღის წესრიგზე აზრთა გაცვლისას ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების პოზიტიურ დინამიკას“.
აშკარაა, რომ გავრცელებულ ორ შეტყობინებას განსხვავებული აქცენტები აქვს, აღნიშნავს პოლიტიკური კომენტატორი არმენ ბაღდასარიანი.
„მთავარი განსხვავება ისაა, რომ რუსეთი ხაზს უსვამს სამმხრივ შეთანხმებებს: სომხეთი-რუსეთი-აზერბაიჯანი და სომხეთის პოზიცია ძალიან მკაფიოა, რომ სომხეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ სომხეთის ხელისუფლება ფაქტობრივად უარყოფს რუსეთის შუამავლურ მისიას“, – განაცხადა მან „აზატუტიანთან“ საუბარში.
სომხეთი აფასებს სომხეთ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს, თუმცა დღევანდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ შეტყობინებებში კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, რომ ერევანი არ ხედავს მოსკოვს შუამავლად სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, დარწმუნებულია პოლიტოლოგი. მეორე მხრივ, არმენ ბაღდასარაინის თქმით, „რუსეთის რეალური მიზანი არ არის მშვიდობის დამყარება და გულწრფელი შუამავლობის ძალისხმევა“.
„რუსეთის მიზანია გაზარდოს თავისი გავლენა ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში. ამ მხრივ, რუსეთი არ არის მიუკერძოებელი შუამავალი. რუსეთი შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის მხარეა. თუ სომხეთისა და რუსეთის ინტერესები დაემთხვა, ბუნებრივია, სომხეთს სურს დაინახოს რუსეთი ამ როლში, თუ არა, მაშინ იქნება ძალიან მკვეთრი, უხეში პასუხი, რასაც რეალურად ახლა ვხედავთ“, – აღნიშნა კომენტატორმა.
თავის მხრივ, ბაქოც არ არის რუსული შუამავლობის მომხრე, აღნიშნავენ პოლიტიკური კომენტატორები, თუმცა ალიევისა და პუტინის ბოლო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობები იყო.
„არ მგონია, რომ აზერბაიჯანიც დაინტერესდეს რუსული შუამავლობით, რადგან ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები ახლა ორმხრივ ფორმატში მიმდინარეობს, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანის მოთხოვნაა და აზერბაიჯანმა ამ მიზნის მიღწევა ბოლო თვეებში შეძლო“, – განაცხადა პოლიტოლოგმა ტიგრან გრიგორიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ ერევანი გადაჭრით უარყოფს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ მოლაპარაკებების პლატფორმას, ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა მოსკოვს ბერკეტი, რათა აიძულოს ერევანი მიიღოს მის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესები.
ტიგრან გრიგორიანი არ ფიქრობს, რომ რუსული მხარე ამ საკითხში მეტისმეტად თანმიმდევრული იყოს. – „რუსეთის მხრიდან უფრო მკაცრი ინსტრუმენტების გამოყენება, სავარაუდოა სხვა მიმართულებით, სხვა განზომილებებში არსებული პრობლემების შემთხვევაში, და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს არის გარკვეული იმპულსები მსგავსი სანქციების ან თუნდაც მუქარის შემოღების მიზნით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ისინი დაკავშირებულია სწორედ მოლაპარაკების პროცესთან“.







