ირანი სომხეთთან 3 მილიარდი დოლარის თანამშრომლობას გეგმავს

ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დაგეგმა თანამშრომლობა სომხეთთან დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ოდენობით.
“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანიმ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებულ პოტენციალსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის. ის სფეროები, რომლებშიც უკვე გვაქვს თანამშრომლობა, შეიძლება გახდეს ძალიან კარგი საფუძველი ორ ქვეყანას შორის კომერციული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის“, – განაცხადა ელჩმა სობჰანიმ.
მან დასძინა, რომ ირანს აქვს დიდი გამოცდილება გზების მშენებლობის სფეროში, კერძოდ, ხიდების მშენებლობაში და ზოგადად, სამშენებლო სფეროში.
„ირანის ხელმძღვანელობამ დაგეგმა თანამშრომლობა სომხეთთან დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ოდენობით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით წავალთ. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა არსებული პოტენციალი. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და დავრჩებით თქვენს გვერდით“, – ხაზგასმით აღნიშნა ელჩმა სობჰანიმ და გამოთქვა აზრი, რომ ერევანსა და თეირანს შორის ურთიერთობას ძალიან ნათელი მომავალი აქვს.







